Header Image Promo

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი

ციცია მამულაშვილი - მერკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

ტელ: +995 32 2974103

ელექტრონული ფოსტა: Tsitsia.Mamulashvili@georgianwine.gov.ge

ყველას  აქვს უფლება, გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ელექტრონული ფორმით.

 

რა არის  საჯარო ინფორმაცია 

ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები) ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის ასლები ხელმისაწვდომია და დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის (მოსაკრებლის) ანაზღაურების გარდა ("საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად);

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციას გასცემს დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10 დღიანი ვადა, აგრეთვე უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

უარი საჯარო ინფორმაციაზე 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება  გადაწყვეტილების  მიღებიდან  3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტავს მის უფლებებსა და გასაჩივრების წესს, იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ან საჯარო დაწესებულების მითითებით, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

პერსონალური მონაცემების საიდუმლოება 

პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ  შემთხვევებში  სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.

კომერციული საიდუმლოება 

კომერციული საიდუმლოება – ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას.

პროფესიული საიდუმლოება 

პროფესიული საიდუმლოება - ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სხვის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას და პირისათვის ცნობილი გახდა პროფესიული მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო საიდუმლოება

სახელმწიფო საიდუმლოება - ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ამ კანონით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით.