Header Image Promo

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის ახალი რეგულაციების გზამკვლევი

ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის რეგისტრაცია

შესაბამისობის სერტიფიკატის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის (შემდგომში - პირი) რეგისტრაცია ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
რეგისტრაცია ხორციელდება პირის განაცხადის საფუძველზე („დებულების“ დანართი №1).
განაცხადში მითითებული კომპანიის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი, გვარი ზუსტად უნდა იმეორებდეს მეწარმეთა და არამეწარმეთა (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილ მონაცემებს.
„საწარმოს ადილმდებარეობა“ გულისხმობს საწარმოს ან საწარმოთა მისამართს, სადაც ხდება ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება ან/და დასაწყობება.
„საკონტაქტო პირი (პირები)“ წარმოადგენს ღვინის კომპანიის იმ თანამშრომელს, რომელსაც გააჩნია სრული ინფორმაცია სასერტიფიკაციო პროდუქციის წარმოების შესახებ და, სერტიფიცირების პირობებიდან გამომდინარე, შეეძლება აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს ან განუმარტოს ღვინის ეროვნული სააგენტოს. საკონტაქტო პირი შეიძლება იყოს კომპანიის ხელმძღვანელიც.
განაცხადის ფორმის სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო პირს ანიჭებს უნიკალურ ოთხნიშნა კოდს (მაგალითად, 1111), რომელიც არის უვადო და მოქმედებს მეღვინეობის სფეროში ამ პირის საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში.
განაცხადში მითითებულ მონაცემთა ცვლილების შემთხვევაში პირი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

ლოტის ნომერი

სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებულ ალკოჰოლიან სასმელზე სავალდებულოა დატანილი იქნეს ლოტის ნომერი.

ლოტის ნომერი შეიძლება დატანილი იქნეს, როგორც ეტიკეტზე (კონტრეტიკეტზე), ისე უშუალოდ ტარაზე.
ლოტის ნომერი შედგება 11 ნიშნისაგან, გამოსახული ციფრებით ან/და ლათინური ასოებით (მაგალითად, 111134GT681), რომლის წინ კეთდება აღნიშვნა L (ლოტი).
ლოტის ნომრის პირველი ოთხი ნიშანი (1111) წარმოადგენს სააგენტოს მიერ პირისათვის მინიჭებულ უნიკალურ კოდს, ხოლო შემდეგ შვიდ ნიშანში (34GT681) კოდირებულია ალკოჰოლიანი სასმელის ჩამოსხმის პირობები და თარიღი. პირი სრულიად თავისუფალია ციფრების ან/და ლათინური ასოების შერჩევასა და განთავსების მიმდევრობაში. მთავარი პირობაა, რომ ერთიდაიგივე კომბინაცია გავრცელდეს მხოლოდ ერთგვაროვან პროდუქციაზე და ლოტის ნომერი იძლეოდეს მისი იდეტიფიკაციის საშუალებას.
კონკრეტულ მაგალითზე: 34GT681- ში შეიძლება კოდირებული იყოს შემდეგი: 2014 წლის მოსავლის სუფრის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ალაზნის ველი“; ჩამოსხმა განხორციელდა № 5 რეზერვუარიდან, ცივი სტერილიზაციის პირობებში, 2015 წლის 1 თებერვალს. იმ შემთხვევაში, თუ იმავე დღეს ანალოგიური პირობებში ჩამოისხა ასევე 2014 წლის მოსავლის სუფრის წითელი ნახევრადტკბილი ღვინო „ალაზნის ველი“, მაგრამ ჩამოსხმა განხორციელდა № 6 რეზერვუარიდან, სადაც ღვინის ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლები განსხვავებულია, შვიდნიშნა კოდი შეიცვლება და ლოტის ნომერი პირობითად შეიძლება შემდეგნაირად გამოისახოს: L 11112544D3F. ანუ ნებისმიერი ტექნიკურ-ტექნოლოგიური გარემოებების ცვლილების შემთხვევაში, რამაც შეიძლება შეცვალოს პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები, იცვლება ლოტის ნომერიც.
მიკვლევადობის მიზნით, ასევე ლოტის ნომრის განმეორების თავიდან ასაცილებლად პირმა უნდა განახორციელოს ლოტის ნომრის, ჩამოსხმის პირობების, სასმელების ხარისხოვრივი მაჩვენებლების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა.

სერტიფიცირებაზე განაცხადის წარდგენა

სერტიფიკატის მისაღებად განმცხადბელი ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარუდგენს განაცხადს („დებულების“ დანართი №2).
განაცხადში მითითებული შემდეგი გრაფები: „მიწოდების საწყისი პუნქტის დასახელება და რეკვიზიტები“, „მიმღების დასახელება და რეკვიზიტები“, „ხელშეკრულების (კონტრაქტის) ნომერი და თარიღი“ , „ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) ნომერი და თარიღი“, „პროდუქცია წარმოებულია“, „სატრანსპორტო საშუალების სახე“ ივსება მხოლოდ პროდუქციის ექსპორტირებისას.
შესაბამისობის სერტიფიკატი, პირის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაიცეს მთლიან ლოტზე ან ლოტის ნაწილზე.
იმ შემთხვევაში თუ სერტიფიკატი აიღება მთლიან ლოტზე, დანართი №2-ის მე-6 სვეტში მოცემული რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს მე-5 სვეტში მითითებულ რაოდენობას.
განაცხადთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია განაცხადის წარდგენის მომენტისათვის საწარმოში არსებული ალკოჰოლიანი სასმელების რაოდენობისა და წარმოშობის შესახებ („დებულების“ დანართი №3).
დანართში აისახება მონაცემები საწარმოში არსებული ყველა (როგორც სასერტიფიკაციო, ისე არასასერტიფიკაციო) ალკოჰოლიანი სასმელის რაოდენობის შესახებ საანგარიშო წლის 1 იანვრის მდგომარეობით. აგრეთვე, წლის დასაწყისიდან შემოსავალ-გასავლისა და განაცხადის შემოტანის მომენტისათვის რაოდენობის თაობაზე.
საკუთარი წარმოებიდან შემოსავალი (მე-5 გრაფა) ითვალისწინებს რთველის პერიოდში ყურძნის გადამუშავების შედეგად ან კუპაჟიდან ან სხვა კატეგორიიდან (მ.შ. ჩამოხარისხებით) ან გამოხდა-დისტილაციით მიღებულ შემოსავალს;
შეძენით შემოსავალი (მე-6 გრაფა) ითვალისწინებს სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირისაგან ალკოჰოლიანი სასმელების შეძენით (ან/და უსასყიდლოთ გადაცემით) მიღებულ შემოსავალს;
რეალიზაციის გასავალი (მე-7 გრაფა) ითვალისწინებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე ან შიდა სამომხმარებლო ბაზარზე ან საექსპორტო მიწოდებით განპირობებულ გასავალს;
ჩამოხარისხების გასავალი (მე-8 გრაფა) ითვალისწინებს სხვა კატეგორიაში (მ.შ. ჩამოხარისხება) გადაყვანით ან დაკუპაჟებით ან გამოხდა-დისტილაციით განპირობებულ გასავალს.
ალკოჰოლიანი სასმელების შეძენის შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს შესყიდვის (ან/და უსასყიდლოთ გადაცემის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
განმცხადებელი პასუხისმგებელია მის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობაზე.
განმცხადებლის მიერ სააგენტოსათვის არასრული ან/და შეუსაბამო მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა, სერტიფიცირების პროცედურის დაწყებაზე ან/და სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია.

ალკოჰილიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდა

ალკოჰოლიანი სასმელების ლაბორატორიული გამოცდის მიზნით, პირი აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიას წარუდგენს თითოეული ლოტიდან აღებულ ნიმუშებს განაცხადთან და სასერტიფიკაციო ნიმუშის აღების აქტთან ერთად („დებულების“ დანართი №4).

საგამოცდო ლაბორატორია ნიმუშის მიღებისას ახდენს განაცხადის რეგისტრაციას. განაცხადი ნიმუშის აღების აქტთან ერთად აისახება ელექტრონული სერტიფიცირების პროგრამაში (ესპ).

ლაბორატორიული გამოცდის ჩატარების შემდეგ ფორმდება გამოცდის ოქმი, რომელიც ასევე აიტვირთება ესპ-ში.

ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირება

ორგანოლეპტიკური ტესტირება ხორციელდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ.
ორგანოლეპტიკური ტესტირება ტარდება მხოლოდ ლაბორატორიული გამოცდის დადებითი შედეგების შემთხვევაში.
ნიმუშის ტესტირება ხდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.
დეგუსტაციის პირველ ეტაპზე ღვინო ფასდება ფერსა და გამჭირვალობაზე, ტიპურობაზე და დაავადების (ზადის) არსებობაზე. თითოეული ამ მაჩვენებლის შეფასება ხდება პრინციპით „დადებითი“ ან „უარყოფითი“. იმ შემთხვევაში თუ დეგუსტატორი თუნდაც ერთ ამ მაჩვენებელს უარყოფითად შეაფასებს, მთლიანობაში ღვინო ავტომატურად ფასდება 0 ქულით. თუ დეგუსტატორი ყველა ამ მაჩვენებელს დადებითად შეაფასებს, ამ შემთხვევაში გრძელდება ღვინის ტესტირება არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე. თითოეული ეს მაჩვენებელი ფასდება ხუთ ქულიანი სისტემით. ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშისათვის დადებით შედეგად ითვლება თუ შეფასების ბალური მაჩვენებელი ტოლია ან მეტი 1,5 - ზე. ნაკლები ბალური მაჩვენებლის მიღების შემთხვევაში წარმდგენს უფლება აქვს კიდევ ერთხელ მოითხოვოს ნიმუშის განმეორებითი დეგუსტაცია. ამ შემთხვევაში საბოლოო შედეგი დგინდება პირველი და მეორე დეგუსტაციებზე მიღებული შეფასებების ბალური მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულით. დადებითად ჩაითვლება მაჩვენებელი, რომელიც ტოლია ან მეტი 1,5 - ზე.
ორგანოლეპტიკური ტესტირების საბოლოო შედეგები ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელიც აისახება ესპ-ში ან/და ეგზავნება განმცხადებელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ორგანოლეპტიკური ტესტირება ფასიანია.

ალკოჰოლიანი სასმელების საინსპექციო კონტროლი
ღვინის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, შერჩევით (სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე), ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება/შენახვის ადგილზე, სერტიფიცირებისათვის წარმოდგენილი ლოტიდან აიღოს ნიმუშები და განახორციელოს განმეორებითი ლაბორატორიული გამოცდა.
თუ საინსპექციო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული გამოცდის შედეგები არ დაემთხვა სერტიფიცირების პროცესში მიღებულ ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს, სააგენტოს უფლება აქვს არ გასცეს სერტიფიკატი შესაბამის ლოტზე.
ამასთან ერთად, თუ დადგინდა რომ განმცხადებელმა ლაბორატორიას წარუდგინა სასერტიფიკაციო პარტიაში განთავსებული პროდუქციისაგან განსხვავებული ნიმუში, ანუ მოხდა ლოტის ნომრის გაყალბება, მას დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობა.

სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღება

გადაწყვეტილება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მიიღება ლაბორატორიული გამოცდის, ორგანოლეპტიკური ტესტირებისა, აგრეთვე ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების წესების, ტექნიკური რეგლამენტების, ტექნოლოგიური ინსტრუქციების მოთხოვნათა დაცვაზე განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე, ნაშთების შესახებ სააგენტოში არსებული მონაცემების გათვალისწინებით.
ლოტის ნაწილზე სერტიფიკატის გაცემის შემთხვევაში, იმავე ლოტის დარჩენილი ნაწილის სერტიფიცირებისათვის ლაბორატორიული გამოცდის და ორგანოლეპტიკური ტესტირების ჩატარება სავალდებულო არ არის 6 თვის განმავლობაში და სერტიფიცირების პროცესი შეიძლება გახორციელდეს ამ პროცედურების გარეშე.