Header Image Promo

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები

საქართველოში დარეგისტრირებულია 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და მიკროზონები

წინანდალი - თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება რქაწითელისა და კახური მწვანე ჯიშის ყურძნისგან. დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური არომატით.

გურჯაანი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, ჯიშური არომატითა და განვითარებული ბუკეტით. მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან. დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება.

ვაზისუბანი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხალისიანი, განვითარებული ბუკეტით, ყვავილების ტონებით. მზადდება რქაწითელისა (85%) და კახური მწვანეს (15%) ყურძნისგან, ტკბილის სრული დადუღებით.

მანავი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდე, მომწვანო ელფერით, გემოზე ნაზი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხალისიანი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით, განვითარებული ბუკეტით. მზადდება კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან. დასაშვებია 15%-მდე რქაწითელის ჯიშის ყურძნის გამოყენება.

კარდენახი - თეთრი შემაგრებული ღვინო. ხასიათდება ქარვისფერი, ჯიშური არომატით, თაფლის ტონებით, ჰარმონიულობითა და ზომიერი ექსტრაქტულობით. მზადდება რქაწითელის, ხიხვისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის დურდოზე დაყოვნებით და მისგან მიღებული მადუღარი ტკბილის დასპირტვით.

ტიბაანი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება მუქი ქარვისფრით, ჯიშური არომატით, კარგად გამოხატული ბუკეტით, ექსტრაქტულობით, ხავერდოვნებითა და ქიშმიშის ტონებით. მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან დურდოზე სრული დადუღებით კახური ტრადიციული მეთოდით.

ნაფარეული - თეთრი მშრალი და წითელი მშრალი ღვინოები. თეთრ ღვინოს რქაწითელისგან აყენებენ. ღვინო დგება ღია ჩალისფერი, კარგად გამოხატული ბუკეტითა და მინდვრის ყვავილების ტონებით. წითელ ღვინოს აყენებენ საფერავისგან და გამოირჩევა მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და განვითარებული ბუკეტით.

ტვიში - თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო. ხასიათდება ღია ჩალისფრიდან ჩალისფრამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატითა და სასიამოვნო სიტკბოთი. მზადდება ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან, ტკბილის არასრული დადუღებით.

ატენური - თეთრი ცქრიალა ღვინო. ხასიათდება ჩალისფერი შეფერვით, ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ენერგიული თამაშით. მზადდება ჩინურისა და გორული მწვანეს ყურძნისგან. რეკომენდებულია აგრეთვე ალიგოტეს ჯიშის ყურძენიც.

 

სვირი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება მუქი ჩალისფერი-მოყვითალო ელფერით, ხილის ტონებით, განვითარებული ბუკეტით, ექსტრაქტულობითა და ჰარმონიულობით. მზადდება ცოლიკოურისა და ციცქას ჯიშის ყურძნისგან, რეკომენდებულია აგრეთვე ჯიში კრახუნა, ფერმენტირებულ ჭაჭაზე ტკბილის დადუღებით. მევენახეობის სპეციფიკური ზონა მდებარეობს იმერეთში, მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე.

კახეთი - თეთრი მშრალი ღვინო. ხასიათდება ქარვისფერი შეფერვით, ხილის არომატით, სასიამოვნო სიმწკლარტით, ხავერდოვნებითა და ჰარმონიულობით. მზადდება რქაწითელისა და კახური მწვანეს ჯიშის ყურძნისგან, დურდოზე სრული დადუღებით.

კოტეხი - თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები. თეთრი ღვინო მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან ტკბილის სრული დადუღებით და ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, ჯიშური არომატით, სასიამოვნო გემოთი. წითელი ღვინო მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით და ხასიათდება წითელი ფერით, ჯიშური არომატით, ნაზი, ხავერდოვანი გემოთი. მევენახეობის სპეციფიკური ზონა მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში, მარჯვენა სანაპიროზე.

ქინძმარაული - წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. ხასიათდება მუქი ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და ჯიშური არომატით. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.

 

ახაშენი - წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, სრული, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და ჯიშური არომატით. მზადდება საფერავისგან.

ყვარელი - წითელი მშრალი ღვინო. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტულობით, ჰარმონიულობით, განსაკუთრებული ბუკეტით. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით.

მუკუზანი - წითელი მშრალი ღვინო. ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერვით, გემოზე სრული, ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი. გამოხატული ჯიშური სპეციფიკური არომატითა და ბუკეტით, მაღალექსტრაქტული. მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან.

მუკუზანი

თელიანი _ წითელი მშრალი ღვინო. ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით. მზადდება კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით.

ხვანჭკარა - წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო. ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებითა და ჯიშური არომატით. მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან.