Header Image Promo

ჯიშების მრავალფეროვნება

საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული ვაზის 

თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები

რქაწითელი (სინონიმები: დედალი რქაწითელი, მამალი რქაწითელი, კოროლიოკი, გრუზინსკი, ხანლუგი, ასლუნგი და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია.მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. საქართველოს უპირველესი ჯიშია ვენახების ფართობის მიხედვით ფართოდ გავრცელებულია კახეთისა და ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება უკრაინაში, მოლდოვაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გამოირჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება მაღალხარისხიანი ევროპული, კახური ტრადიციული, შემაგრებული ღვინოები და ღვინის ბრენდები. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან (კახეთში) ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე (ქართლში). ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,0-8,0გ/ლ-ს. რქაწითელი გამოიყენება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასამზადებლად: „წინანდალი“, „გურჯაანი“, „კარდენახი“, „კახეთი“, „კოტეხი“, „ნაფარეული“, „ტიბაანი“ და „ვაზისუბანი“.

მწვანე კახური (სინ.: მწვანე, ნაბადა მწვანე, მჭკნარა და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო-მწვანე ფერის გამო. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია. ევროპული წესით დამზადებული ღვინო მომწვანო-ჩალისფერია, ნორმალურალკოჰოლიანი, მაღალჰარმონიული და ხალისიანი, ხილის მდიდარი ტონებით. კახური წესით დამზადებული ღვინო კი უფრო სხეულიანია, ენერგიული, რომელსაც სიძველეში ახასიათებს ნაზი ბუკეტი ხილის ძლიერი არომატით. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,0-7,8 გ/ლ-ს. მწვანე კახური გამოიყენება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დასამზადებლად: „მანავი“, „წინანდალი“,„კარდენახი“, „კახეთი“ და „ვაზისუბანი“.

ხიხვი (სინ.: ჯანანურა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია და გავრცელებულია კახეთის რაიონებში. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ხიხვის ღვინო ღია ჩალისფერია, შინაარსით მდიდარი, ჰარმონიული და სასიამოვნო, ნაზი, ჯიშური არომატით. კახური წესით დაყენებული ღვინო მუქი ჩალისფერია, მეტი სხეულიანი, შინაარსით მდიდარი და მაღალი გემური თვისებების, მწიფე ხილისა და ყვითელი ჩირის არომატებით. ხიხვისაგან დამზადებული სადესერტო ღვინო განსაკუთრებით მაღალი ხარისხისაა. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, კახეთის ძირითად რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,5 გ/ლ-ს. ხიხვისგან რქაწითელსა და კახურ მწვანესთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი შემაგრებული ღვინო „კარდენახი“.

ქისი (სინ.: დამპალა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მისგან მზადდება მაღალი ხარისხის ევროპული, კახური ტრადიციული, ბუნებრივი ნახევრად ტკბილი, შემაგრებული და სადესერტო ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, ჯიშური სასიამოვნო არომატითა და ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხოლო კახური წესით დაყენებული ღვინო უფრო მუქია და სხეულიანი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,7-8,5 გ/ლ-ს.

ჩინური (სინ.: კასპური, კასპური თეთრი, ატენური და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია ქართლიდან და ფართოდაა გავრცელებული მთელ ქართლში. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული ჩინურის ღვინო ხასიათდება ლამაზი, ღია მოჩალისფრო შეფერვით, საკმაო სხეულითა და შინაარსით, სინაზით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. გამოიყენება როგორც ძირითადი საკუპაჟე მასალა მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ხასიათდება მცენარეული და ხილის ტონებით. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, გორის მევენახეობის ზონაში (ტანას ხეობა) ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-20,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,0-10,0 გ/ლ-ს. ჩინურისგან გორულ მწვანესთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ცქრიალა ღვინო „ატენი“ („ატენური“).

გორული მწვანე (სინ.: მწვანე, ჯიშიანი, ლურჯი მწვანე, თეთრფოთოლა, ქვიშხური, სურამულა) - ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გაშენებულია, ძირითადად, ქართლის მევენახეობის რაიონებში. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. გორული მწვანისგან დგება ცოცხალი და ხალისიანი ღვინოები. ევროპული წესით დაყენებული გორული მწვანის ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულით, სასიამოვნო მჟავიანობითა და გემოთი. ქართლის მევენახეობის რაიონებში მის ყურძენს იყენებენ როგორც საკუპაჟე მასალას ცქრიალა ღვინის მისაღებად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შიდა ქართლის მევენახეობის რაიონებში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,6-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,1-10,0 გ/ლ-ს. გორული მწვანისგან ჩინურთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ცქრიალა ღვინო „ატენი“ („ატენური“).

ცოლიკოური (სინ.: ცოლიკაური, ობჩური ცოლიკოური, მელქოს ცოლიკოური, კობახიძის ცოლიკოური და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. იმერეთის გარდა გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარასა და აფხაზეთში. ფართობის მიხედვით რქაწითელის შემდეგ მეორე ადგილი უკავია საქართველოში. გამორჩევა მაღალი სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლებით. მისგან მზადდება ევროპული და იმერული ტრადიციული წესით დაყენებული მაღალხარისხიანი სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომელთაც ახასიათებს ღია ჩალისფერი შეფერვა, დიდი სხეული, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობა, სიხალისე და მაღალი გემური მაჩვენებლები, ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ყურძენი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-9,5 გ/ლ-ს. ცოლიკოურისაგან მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები „სვირი“ (ციცქასთან ერთად) და „ტვიში“.

ციცქა (სინ.: შანთი, მამალი ციცქა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ციცქასგან დამზადებული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით, ხასიათდება სხეულით, ენერგიითა და სიხალისით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს, ახასიათებს მცენარეული ტონები. ციცქა ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია საქართველოში მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, იმერეთის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან.ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-25,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,9-10,5 გ/ლ-ს. ციცქასგან ცოლიკოურთან ერთად მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლი­რე­ბა­დი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო „სვირი“.

კრახუნა - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გამოიყენება ევროპული და იმერული ტრადიციული ღვინოების, ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია, ხასიათდება სისრულით, ენერგიითა და სასიამოვნო გემოთი. იმერული წესით დაყენებული კრახუნას ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერილობით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულითა და ჰარმონიით, კარგი გემოთი. დაძველებისას კრახუნას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება. იგი ლამაზ მოოქროსფრო ყვითელ ფერს იღებს და ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს. ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას კრახუნასგან შეიძლება დამზადდეს განსაკუთრებული მაღალი ხარისხის შემაგრებული და სადესერტო ღვინო, რომელიც ხასიათდება მდიდარი ჯიშური არომატითა და ხალისიანი მჟავიანობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზესტაფონში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0 %-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5 გ/ლ-ს.

წულუკიძის თეთრა (სინ.: რაჭული თეთრა) _ თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, გავრცელებული რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში. მაღალხარისხიანი პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. გამოიყენება სუფრისა და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ღია ყვითელი ფერისაა, აქვს კარგად გამოხატული არომატი და ნაზი სასიამოვნო გემო ცაცხვის თაფლის სურნელით. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0 გ/ლ-ს.

კახური მცვივანი (სინ.: მამალი მცვივანი, დედალი მცვივანი და სხვა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიში იყო კახეთში, მაგრამ ფილოქსერას გავრცელების შემდეგ მისმა  ნარგავებმა მკვეთრად იკლო. დღესდღეობით, პროდუქციის მაღალი ხარისხის გამო, ჯიშისადმი ინტერესი კვლავ იზრდება და ახლიდან დაიწყო გაშენება კახეთში. კახური მცვივანისაგან დგება მაღალი ხარისხის კახური ტიპის ღვინო.

ბუდეშური თეთრი (სინ.: ბუდეშური, თეთრი ყურძენი) _ ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულების მიხედვით ადგილობრივი მოხმარების საღვინე და სასუფრე მიმართულებისაა. ცალკე დაყენებული ბუდეშური თეთრის ღვინო ნაკლებსხეულიანია და შენახვის დაბალი უნარით ხასიათდება. მიზანშეწონილია მისი პროდუქციის გამოყენება კუპაჟში ჩინურსა და გორულ მწვანესთან ერთად, როგორც ხარისხიანი სუფრის, ასევე ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, თავისი გავრცელების ძირითად რაიონებში (მცხეთა, კასპი) ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის მესამე დეკადაში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,5-19,2%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,5-7,0 გ/ლ-ს.

კაპისტონი თეთრი (სინ.: კაპისტონი) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშიაიმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფიდან. ევროპული და იმერული წესით დაყენებული „კაპისტონი თეთრის“ ღვინო ხასიათდება ლამაზი, მიმზიდველი შეფერვით, კარგი სხეულით, სიხალისით, ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით და მაღალი გემური მაჩვენებლებით, რომელსაც ახასიათებს მდიდარი ბუკეტი, ნაზი გემო, საკმარისი სხეული და მეტად სასიამოვნო, ხალისიანი მჟავიანობა. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, შუა და ზემო იმერეთის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,0-10,0 გ/ლ-ს.

კუნძა (სინ.: კუმსი ყურძენი, კუმსა) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს.ძირითადი სახელწოდება „კუნძა“ და ასევე სინონიმი „კუმსა“ მიღებული აქვს მტევნების მეტად კუმსი აგებულების გამო.კუნძას ღვინო მოყვითალო-ჩალისფერი, კარგად დაწმენდილი, საკმაოდ სხეულიანი, კარგად გამოსახული ჯიშური არომატითა და სასიამოვნო მჟავიანობით ხასიათდება. იგი აგრეთვე უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და ხარისხიანი საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად გამოიყენება. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, იმერეთში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის პირველ ნახევარში.ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-9,0გ/ლ-ს.

დონდღლაბი (სინ.: მჭკნარა, მჭკნარა დონდღლაბი) - ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია იმერეთიდან. დონდღლაბის რამდენიმე ვარიაციაა ცნობილი: მწვანე დონდღლაბი, თავწითელა დონდღალაბი და მჭკნარა დონდღლაბი. ჩამოთვლილი ვარიაციებიდან პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევა მჭკნარა დონდღლაბი. მჭკნარა დონდღლაბი საღვინე ვაზის ჯიშია. ცალკე დაყენებული მისი ღვინო ღია მოყვითალო ფერისაა, საკმაოდ ექსტრაქტული და ჰარმონიულია. მისი გამოყენება შეიძლება ციცქასა და ცოლიკოურთან ერთად კუპაჟში, საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების ღვინოების დასამზადებლად, ხოლო ცალკე - ყურძნის წვენისა და საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად. ჯიში საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, იმერეთის ზონაში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს  20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,6-9,3გ/ლ-ს.

მცვივანი რაჭული _ ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება რაჭის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, საკმაო სხეულით, სურნელებითა და კარგი გემოთი. გამოიყენება აგრეთვე მაღალხარისხიანი ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, ზემო რაჭის პირობებში ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 9,0-10,0 გ/ლ-ს. რაჭული მცვივანის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია გაჩნდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

საკმეველა (სინ.: საკმიელა, საკმელა, საკმელაი) - ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია. გურიის თეთრყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გამოიყენება საკმაოდ ხარისხიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინის დასამზადებლად. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,5გ/ლ-ს.

ჭვიტილური (სინ.: ჭვიტილაური, ჭვიტილოური, ჭკვიტილური) _ ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ჭვიტილურის ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულით, ჰარმონიულობითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია, სამეგრელოში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის ბოლოს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,8%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,1-8,9გ/ლ-ს.

ავასირხვა (სინ.: ავასარხვა, აოსირხვაჟი, აჟიში, აუასირხვა, ავასირხვაჟიში) - ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია აფხაზეთის მევენახეობის რაიონებში. ავასირხვასგან მზადდება მოყვითალო-ჩალისფერი, ნაზი, შინაარსიანი, საკმაოდ ხალისიანი ღვინო, რომელსაც კარგად განვითარებული ჯიშური არომატი აქვს. ისტორიულად ყურძნის დაგვიანებით დაკრეფისას ავასირხვასგან ამზადებდნენ ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოს, რომელსაც ბუნებრივი ცქრიალი, საკმაო სიმაგრე, სასიამოვნო სიტკბო და კარგად განვითარებული ჯიშური არომატი ჰქონდა. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, გუდაუთის მევენახეობის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,0-10,5 გ/ლ-ს.

შარდონე - ფრანგული თეთრყურძნიანი, მაღალი ხარისხის პროდუქციის მომცემი საღვინე ვაზის ჯიშია. შარდონესგან დამზადებული სუფრის ღვინო და შამპანური ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, მაღალი ჰარმონიულობით, სიფაქიზით, შინაარსითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით. საქართველოში ჯიში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საადრეო სიმწიფის პერიოდისაა. თბილისის საგარეუბნო ზონაში (დიღომი) ყურძენი მწიფდება აგვისტოს ბოლო რიცხვებში და სექტემბრის პირველ დეკადაში, ხოლო ვაჭევის მევენახეობის ზონაში (ზესტაფონის რაიონი) _-აგვისტოს მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,7-9,5 გ/ლ-ს.

ალიგოტე -ფრანგული თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშია.საქართველოში ჯიში რეკომენდებულია სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. საქართველოში ცნობილია ალიგოტეს ღვინო მუხრანიდან. ჯიში საადრეო სიმწიფის პერიოდისაა, ყურძენი მწიფდება სექტემბრის პირველ ნახევარში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,5-9,0 გ/ლ-ს.

მუსკატი თეთრი - მუსკატების ერთ-ერთი მეტად საინტერესო უძველესი ჯიშია, რომელიც როგორც მაღალი ხარისხის საღვინე ჯიში ფართოდ გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. გამოიყენება სუფრის, სადესერტო და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. მუსკატი თეთრი საშუალო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 23,0-30,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,0-9,5 გ/ლ-ს.

  

საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული ვაზის 

თეთრყურძნიანი სასუფრე ჯიშები

 

გორულა (სინ.: სუფრის გორულა, გლდანულა და სხვა) - ქართლის აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით სასუფრე მიმართულებისაა. ხასიათდება საკმაოდ მაღალი გემური თვისებებითა და უხვმოსავლიანობით. ყურძენი ხანგრძლივად ინახება და ტრანსპორტაბელურია. გამოიყენება ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის ღვინის დასამზადებლადაც. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. სრულ სიმწიფეში მარცვალი იღებს მოყვითალო, ლამაზ შეფერვას, კანზე მრავლად უვითარდება მუქი, მოყავისფრო წვრილი წერტილისებური ლაქები. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 5,5-6,0 გ/ლ-ს.

კამური თეთრი (სინ.: თეთრი კამურა, კამურა, კამურის ყურძენი) - ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით სასუფრე-საღვინე მიმართულებისაა. ყურძენი ინახება და ტრანსპორტაბელურია. კამური თეთრისგან მიიღება ადგილობრივი მოხმარების სუფრის თეთრი ღვინო, მეტად სასიამოვნო, ხალისიანი მჟავიანობით. ჯიშმა საუკეთესო თვისებები გამოავლინა თბილისის საგარეუბნო ზონაში, სადაც მისგან მიიღეს მაღალხარისხოვანი ღვინო ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, მდიდარი სხეულითა და მაღალი გემური თვისებებით. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-20,0 %-ს.

ქართული საადრეო _ ქართული სელექციური ვაზის ჯიშია, გამოყვანილი მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში (ავტორი: დ. ტაბიძე). მშობელ წყვილად გამოყენებულია ჯიშები მადლენ ანჟევინი და აგოსტენგა. მიეკუთვნება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომის, საშუალო სიკუმსის ან საკმაოდ კუმსია. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, თხელკანიანია და წვნიანი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. სრული სიმწიფის პერიოდში მარცვალი იღებს მომწვანო-ყვითელ შეფერვას, მოქარვისფრო ელფერით. თხელკანიანობის გამო ჯიში არ ინახება და დაბალტრანსპორტაბელურია. ქართული საადრეოს დადებითი თვისებაა მეტად ადრეული სიმწიფის პერიოდი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ყურძენი სრულ სიმწიფეს აგვისტოს პირველ რიცხვებში აღწევს.

რქაწითელი მუსკატური - ქართული სელექციური ვაზის ჯიშია, გამოყვანილია მე-20 საუკუნეში სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ავტორები: ვ. ქანთარია და ნ. ჩახნაშვილი). მშობელ წყვილად გამოყენებულია ჯიშები: რქაწითელი და ალექსანდრიული მუსკატი. რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებისათვის. ჯიში საღვინე-სასუფრე მიმართულებისაა. ხასიათდება ყურძნის გარეგნული სილამაზითა და შაქარ-მჟავიანობის ნორმალური შემცველობით. მუსკატური რქაწითელის ღვინო მაღალხარისხიანია, შინაარსით მდიდარი, მოჩალისფროა, მოყვითალო ელფერით, ნაზი, მკვეთრად გამოსახული მუსკატური გემოთი. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,6-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,0-7,3 გ/ლ-ს.

თბილისური - ქართული სელექციური ვაზის ჯიშია, გამოყვანილია სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ავტორები: ვ. ქანთარია და ნ. ჩახნაშვილი). მშობელ წყვილად გამოყენებულია ჯიშები: ალექსანდრიული მუსკატი და რქაწითელი. ჯიში სასუფრე მიმართულებისაა. რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებისათვის. გამოირჩევა ყურძნის გარეგნული სილამაზით. მტევანი საშუალოზე დიდი ან დიდი ზომისაა და საშუალო სიკუმსის. მარცვალი მსხვილია, ოვალური ფორმის, მოყვითალო-მომწვანო ფერის, მზიანი მხრიდან მოყავისფრო ელფერით. რბილობი ხორციანია, კანი ნორმალური სისქის, ამავე დროს, კანი რბილობთან ერთად ადვილად იღეჭება. ყურძენი ინახება და ტრანსპორტაბელურია. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,2%-ს, მჟავიანობა - 5,4-5,7 გ/ლ-ს.

განჯური - აზერბაიჯანული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც თავის ქვეყანაში ცნობილია ტაბრიზის სახელწოდებით. სამეურნეო დანიშნულებით სასუფრე მიმართულებისაა. განჯურის მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, საშუალო სიკუმსის ან საკმაოდ კუმსია. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მსხვილია და ოვალური, საკმაოდ სქელკანიანია. რბილობის ხორციანია და წვნიანი, ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა, თბილისის საგარეუბნო ზონაში ყურძენი მწიფდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ყურძენი ინახება და ტრანსპორტაბელურია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 16,5-18,5%-ს, ხოლო ზოგიერთ წლებში 21,0-22,0%-ს აღემატება. შაქრის მატებისას მკვეთრად ეცემა მჟავიანობა (5,0-5,5გ/ლ), რაც უარყოფით გავლენას ახდენს პროდუქციის ხარისხზე.

ყარაბურნუ - აღმოსავლური წარმოშობის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია.სამეურნეო დანიშნულებით სასუფრე მიმართულებისაა. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის ლამაზი გარეგნული იერით. ყარაბურნუს მტევანი საშუალოზე დიდი ან დიდი ზომისაა, თხელი ან ძალიან თხელია. მარცვალი მსხვილია, მოგრძო-ოვალური ფორმის, საკმაოდ სქელკანიანია, ღია მწვანე ფერის, მოყვითალო-მოოქროსფრო იერით. რბილობი ხორციანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა, თბილისის საგარეუბნო ზონაში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის პირველ დეკადაში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,5-8,0გ/ლ-ს.

ალექსანდრიული მუსკატი - აღმოსავლური წარმოშობის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით სასუფრე-საღვინე მიმართულებისაა. ალექსანდრიული მუსკატის მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, თხელი ან საშუალო სიკუმსისაა, ახასიათებს ყვავილცვენა და პართენოკარპიული მარცვლების განვითარება. ნორმალურად განვითარებული მარცვალი მსხვილია, მომრგვალო ან უკუკვერცხისებური ფორმის, საკმაოდ სქელკანიანი და ხორციანი, სასიამოვნო, მკვეთრად გამოხატული მუსკატური გემოთი. კანი რბილობთან ერთად ადვილად იღეჭება. ჯიშს ახასიათებს ყურძნის ტრანსპორტაბელობისა და შენახვის მაღალი უნარი.

შასლა თეთრი - თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მისი სასუფრე მტევანი საშუალო ზომისაა, ზოგჯერ საშუალოზე მცირე, საშუალო სიკუმსისაა ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ფორმის, სრულ სიმწიფეში მზიანი მხრიდან ახასიათებს მოყავისფრო ხალები და ჩვეულებრივ ოქროსფრად იფერება. მარცვლის კანი საკმაოდ თხელია, რბილობი წვნიანია, სასიამოვნო გემოთი. ჯიში საადრეო სიმწიფის პერიოდისაა. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 16,0-17,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 5,5-5,8გ/ლ-ს.

 საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული ვაზის 

წითელყურძნიანი საღვინე ჯიშები

საფერავი - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი პირველად მოხსენიებულია ვახტანგ VI-ის “დასტურლამალში”. დღესდღეობით, ვენახის ფართობის მიხედვით საფერავი ყველაზე ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საქართველოში (ძირითადად, კახეთის რაიონებში). საქართველოს გარეთ გვხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, ყირიმში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში. მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია, ძვირფას მასალას იძლევა თითქმის ყველა ტიპის ღვინისათვის, მაგრამ განსაკუთრებულ მაღალ თვისებებს მხოლოდ ცალკეულ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ამჟღავნებს. საფერავის სუფრის ღვინო ინტენსიური მუქი შეფერვით, ალკოჰოლისა და სიმჟავის ზომიერი შემცველობით, სხეულით, სიხალისით, მდიდარი ბუკეტით, დაძველების დიდი პოტენციალითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით ხასიათდება. კახეთში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევარში მწიფდება, ხოლო რთველი ოქტომბრის პირველ ნახევრამდე გრძელდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5გ/ლ-ს. საფერავისგან მზადდება შემდეგი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „ახაშენი“, „კოტეხი“, „ყვარელი“, „მუკუზანი“, „ქინძმარაული“.

საფერავი ბუდეშურისებური - სახელწოდებით „საფერავი-ბუდეშური“ იგი პირველად აღწერილია ივრისპირა სოფლებში 1895 წ. ს. ქვარიანის მიერ და განსხვავდება ჩვეულებრივი საფერავისაგან ძირითადად მოგრძო ბუდეშურისმაგვარი მარცვლებით და შედარებით უფრო ნაადრევი სიმწიფით. საფერავი ბუდეშურისებურის ღვინოს აქვს ინტენსიური ფერი და უფრო მცირე სხეული, ვიდრე ჩვეულებრივ საფერავს.

თავკვერი - თავკვერი ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯიში გავრცელებულია, ძირითადად, ქართლის რაიონებში. საქართველოს გარეთ გვხვდება აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. თავკვერისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების წითელი ან ვარდისფერი ღვინოები ხილის სურნელით. განსაკუთრებით სასიამოვნოა თავკვერისგან დაყენებული ახალგაზრდა ღვინო. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - თავისი გავრცელების ძირითად ზონაში (გორის რაიონი) ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,5-8,5გ/ლ-ს. თავკვერის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითია და ამიტომ აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

ალექსანდროული - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია და მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია რაჭის რაიონებში. ალექსანდროული მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით - ყურძენს კრეფენ, როდესაც მასში შაქრიანობა 26,0-28,0%-ს მიაღწევს. ამგვარი მასალისგან სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის კარგი შეფარდებით, ჰარმონიულობით, შაქრის ნორმალური შედგენილობითა და სასიამოვნო გემური თვისებებით. შედარებით ნაკლები შაქრის შემცველობისას (20,0-21,0%) ჯიშისგან ამზადებენ მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს. ალექსანდროულისგან დამზადებული მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოები გამოირჩევა სინაზით, ახასიათებს ჟოლოსა და შავი ბლის სურნელები. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ალექსანდროულისგან, მუჯურეთულთან ერთად, მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

მუჯურეთული _ ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია, ძირითადად, რაჭის რაიონებში. ხასიათდება შაქრის დაგროვების მაღალი უნარით. მისგან დაყენებული სუფრის ღვინო მაღალი ხარისხისაა, გამოირჩევა კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობითა და ჰარმონიულობით. ჯიში საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეს ოქტომბრის შუა რიცხვებში აღწევს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 25,0-30,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,0-7,0გ/ლ-ს. მუჯურეთულისაგან, ალექსანდროულთან ერთად, მზადდება ადგილწარ¬მო¬შობის დასახელების კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

უსახელოური (სინ.: ოყურეშული) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ძირითადად, გავრცელებულია ლეჩხუმში და გამოყენებულია მაღალხარისხოვანი, სუფრის და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად, რომელიც ინტენსიური შეფერვით, მაღალი ალკოჰოლით, ჯიშური სასიამოვნო არომატით, საკმაო სხეულითა და ჰარმონიული გემოთი გამოირჩევა. ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად ყურძენი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იკრიფება, მაშინ, როდესაც მასში 23,0-26,0% შაქარი და 6,0-8,0გ/ლ მჟავიანობაა. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა. რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-26,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,5-9,0გ/ლ-ს.

ჩხავერი (სინ.: ჩხაველი) - ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჩხავერის ღვინო მეტად ნაზია, ჰარმონიული, შინაარსიანი, ნორმალური ალკოჰოლიანი, ატმისა და თეთრი ხილის სურნელებით. გამოირჩევა მაღალი გემური მაჩვენებლებით. ჯიში ძალიან საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა _ გურიის რაიონებში ყურძენი ნოემბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,1-9,6გ/ლ-ს.

ალადასტური - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია გურიისა და იმერეთის რაიონებში. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ალადასტურისგან დაყენებული ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება ლამაზი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდებით, კარგი სხეულითა და ჯიშური არომატით. ყურძნის გადამწიფებისას ალადასტურის პროდუქცია გამოიყენება მაღალხარისხიანი, ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - დასავლეთ საქართველოს რაიონებში ყურძენი ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-21,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,5-9,4 გ/ლ-ს.

ოჯალეში (სინ.: შონური, სვანური) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშია. ოჯალეშის ღვინო ხასიათდება ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, დიდი სხეულით, ხავერდოვნებით, ჰარმონიულობითა და მდიდარი ჯიშური არომატით. ყურძნის გვიან დაკრეფის შემთხვევაში მისგან მაღალხარისხიან, ნახევრად ტკბილ ღვინოს ამზადებენ. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - სამეგრელოში ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება, ხოლო რთველი ზოგჯერ ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მიმდინარეობს. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,0-9,0გ/ლ-ს.

შავკაპიტო (სინ.: შავი კაპიტო, შავკაპიტა, ბლაუჰერცერი) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია შიდა ქართლში. მისგან ამზადებენ საკმაოდ მაღალხარისხოვან ადგილობრივი მოხმარების ღვინოს, რომელიც ლამაზი, ღია წითელი (ვარდისფერი), წითელი შეფერვით, სინაზით, სიხალისითა და ჰარმონიულობით ხასიათდება. ჯიში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. შავკაპიტო საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა - შიდა ქართლში ყურძენი ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,2-7,1 გ/ლ-ს.

ოცხანური საფერე - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია, ძირითადად, იმერეთის რაიონებში. გამოიყენება მაღალხარისხიანი წითელი ღვინის დასამზადებლად ან სხვა წითელი და თეთრი ჯიშების ღვინის შესაფერად. ცალკე დაყენებული ოცხანური საფერეს ღვინო გამოირჩევა ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ხავერდოვნებით, მდიდარი სხეულით, ჰარმონიულობითა და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. დაძველების შემდეგ ღვინო ძალზე ღრმა სურნელსა და ელეგანტურობას იძენს, გამოირჩევა მდიდრული და ხანგრძლივი დაბოლოებით. ჯიში საგვიანო პერიოდისაა - ყურძენი ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,0-10,0 გ/ლ-ს.

ასურეთული შავი (სინ.: ასურეთული, შალტრაუბენი, შალშვარცი, შალი) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია ქვემო ქართლიდან. ჯიში საღვინე მიმართულებისაა _ მისგან მზადდება ადგილობრივი მოხმარების ღია წითელი ფერის ღვინო, რომელსაც ახასიათებს შედარებით დაბალი ალკოჰოლი (9,0-9,50), ხალისიანი მჟავიანობა და კარგი გემური მაჩვენებლები. ასურეთული შავი საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა. ასურეთის ზონაში ყურძენი სექტემბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,0-18,5%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-8,5გ/ლ-ს. ჯიშს ახასიათებს ფუნქციონალურად მდედრობითი ყვავილები და აუცილებელია გაშენდეს ორსქესიან ვაზის ჯიშებს შორის.

ძელშავი (სინ. ძველშავი, ძველშავი ობჩური) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. გავრცელებულია, ძირითადად, იმერეთის რაიონებში. საღვინე მიმართულებისაა. გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების ღია წითელი (ვარდისფერი) შეფერვის სუფრის, ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად და საკუპაჟედ. ძელშავისაგან შეიძლება საკმაოდ ენერგიული, მაღალმჟავიანი საზაფხულო ღვინის დამზადებაც. ჯიში საგვიანო პერიოდისაა _ იმერეთის რაიონებში ყურძენი სექტემბრის ბოლო რიცხვებში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-8,0 გ/ლ-ს.

კაბისტონი შავი (სინ. კაბიშტონი, მრგვალი კაბისტონი და სხვა) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება რაჭის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ძირითადად, გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმის რაიონებში. ჯიში საღვინე მიმართულებისაა, გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, ენერგიულობით, სხეულითა და მაღალი გემური მაჩვენებლებით. კაბისტონი შავი საშუალო სიმწიფის პერიოდისაა _ რაჭა-ლეჩხუმის ზონაში ყურძენი მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-10,0გ/ლ-ს.

მგალობლიშვილი - ქართული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია იმერეთიდან. საღვინე მიმართულებისაა. ცალკე დაყენებული მგალობლიშვილის ღვინო მცირედ არის შეფერილი, ნაკლებსხეულიანი და შინაარსიანია, ამიტომ მას აკუპაჟებენ ოცხანურ საფერესთან ერთად და იღებენ ინტენსიურად შეფერილ, ხალისიან სუფრის წითელ ღვინოს. რეკომენდებულია, ძირითადად, საბრენდე ღვინომასალის დასამზადებლად. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა _იმერეთის რაიონებში ყურძენი ოქტომბრის პირველ დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 21,0-23,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,5-8,5 გ/ლ-ს.

ბადაგი - ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ბადაგისაგან დგება საკმაოდ ხარისხიანი სუფრის ღვინო. ღვინო ხასიათდება კომშისებური შეფერვით, კარგი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, 12,7%-იანი ალკოჰოლის შემცველობით, მაღალი გემური მაჩვენებლებით. დაძველებისას ღვინის ხარისხი უმჯობესდება. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,5-24,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 6,5-10,0გ/ლ-ს.

მტევანდიდი (სინ.: აკიდო) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. მისგან დაყენებული ღვინო ხასიათდება კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური ურთიერთშეფარდებით, საკმაოდ მაღალი გემური მაჩვენებლებით. მე-19 საუკუნეში ი. მარი მტევანდიდს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა, როგორც ძირითად საკუპაჟე მასალას და ჯანსა და სხილათუბანთან შერევით ამზადებდა ე.წ. „მარის ღვინოს“. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-23,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,5-10,0გ/ლ-ს.

სხილათუბანი (სინ.: სხილთაუბანი, სხილათობანი, რცხილათუბანი, რცხილათობანი, ცხილათობანი, ცხრილათობანი) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სხილათუბანისგან დაყენებული ღვინო ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ალკოჰოლისა (10,6-11,8 %) და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,0-9,0გ/ლ-ს.

ჭუმუტა (სინ.: ჯუმუტა, ჯუმუტაი) - ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჭუმუტას ღვინო ხასიათდება სპეციფიკური, ლამაზი, ღია წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ჰარმონიულობითა და კარგი გემოთი. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 18,0-20,0%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,0-9,6გ/ლ-ს.

ჯანი (სინ.: მარის ყურძენი, ჯანის ყურძენი) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება გურიის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. ჯანის ღვინო მაღალი ხარისხისაა, ხასიათდება დიდი სხეულით, ალკოჰოლისა (11,5-12,1%) და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ჰარმონიულობითა და მაღალი გემური თვისებებით. დაძველებისას ივითარებს სასიამოვნო გემოსა და მდიდარ ბუკეტს. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,9-23,4%-ს, ხოლო მჟავიანობა - 6,0-9,1გ/ლ-ს.

პანეში - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება სამეგრელოს ვაზის ჯიშთა ჯგუფს. პანეში საღვინე მიმართულებისაა _ სამეგრელოს მთისპირა სამხრეთის ფერდობებზე მისგან მაღალხარისხიანი სუფრის ღვინო დგება, რომელიც კარგი შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით ხასიათდება. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - სამეგრელოს მთისპირა რაიონებში ყურძენი ოქტომბრის მესამე დეკადაში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17-19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 9,0-10,0გ/ლ-ს.

ცხენის ძუძუ აჭარული (სინ.: ათმემე) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება აჭარის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სამეურნეო დანიშნულებით სასუფრე მიმართულებისაა. გამოიყენება აგრეთვე საკმაოდ შეფერილი და ხალისიანი ადგილობრივი მოხმარების სუფრის ღვინოების დასამზადებლად. მტევანი საშუალო სიდიდისაა, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური ან მოგრძო ფორმის, მუქი იისფერია _ გარდამავალი შავ ფერში, სქელკანიანი. რბილობი მკვრივხორციანი, სასიამოვნო, ტკბილ-მომჟავო გემოთი. კარგ გემოსთან ერთად ყურძენი ხასიათდება შენახვისა და ტრანსპორტაბელობის მაღალი უნარით. ჯიში საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა - გურია-აჭარის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის მესამე დეკადაში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5%-ს, ხოლო მჟავიანობა - 8,5 გ/ლ-ს.

ცხენისძუძუ აფხაზური (სინ.: აჩკიკიჟი, აჩკირკი, ააცკიკა, აჩკიკი) - ქართული აბორიგენული ვაზის ჯიშია. მიეკუთვნება აფხაზეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს. სახელწოდება მიღებული აქვს მოგრძო ფორმის მარცვლის გამო. ჯიში სასუფრე მიმართულებისაა. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, საშუალო სიკუმსის ან თხელია. მარცვალი მსხვილია და, ძირითადად, ოვალური ფორმის, სიმწიფის დროს მუქი ვარდისფერი ხდება. მარცვლის კანი სქელია და მკვრივი. რბილობი ხორციანია, კნატუნა, მცირეწვნიანი. მარცვალი ადვილად სცილდება რბილობს. გემო ტკბილი და სასიამოვნო აქვს, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით. გუდაუთის რაიონში მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 17,5-20,9%-ს, ხოლო მჟავიანობა - 7,3-10,3გ/ლ-ს.

კაჭიჭი (სინ.: კაჭიჭიჟი, აჟკაჭიჭი, კაჯიჯი) - ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია დასავლეთ საქართველოდან. ჯიში საღვინე მიმართულებისაა. ღვინო ხასიათდება ლამაზი და ინტენსიური შეფერვით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის შეთანწყობით, კარგად გამოხატული ჯიშური არომატითა და საკმაოდ მაღალი გემური თვისებებით. კაჭიჭი საგვიანო სიმწიფის პერიოდისაა _ გუდაუთის რაიონში ყურძენი მწიფდება ოქტომბრის მესამე დეკადაში. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,5-22,5%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,0-9,0გ/ლ-ს.

კაბერნე სოვინიონი - ფრანგული ფართოდ გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. გამოირჩევა პროდუქციის მაღალი ხარისხით. კაბერნე სოვინიონისგან დამზადებული სუფრის ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული, ნაზი გემოთი, მდიდარი ბუკეტით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, დიდი სხეულით, ჰარმონიულობითა და შინაარსით. ჯიში საშუალოზე გვიანი სიმწიფის პერიოდისაა. ყურძენი მწიფდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 19,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 8,0-9,0გ/ლ-ს. კაბერნე სოვინიონისგან საქართველოში მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირე¬ბადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო „თელიანი”, რომელიც ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით.

პინო შავი - ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების დასაყენებლად. ჯიში საადრეო სიმწიფის პერიოდისაა. ქართლში ცქრიალა ღვინოების დამზადების დანიშნულებით ყურძენი სექტემბრის პირველ ნახევარში იკრიფება, ხოლო იმერეთში _ აგვისტოს ბოლო რიცხვებში. სუფრის ღვინოების წარმოებისათვის მიზანშეწონილია რთველის შედარებით გვიან ჩატარება. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 20,0-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 7,0-8,5გ/ლ-ს.

მერლო - ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით საღვინე მიმართულებისაა. ცალკე დაყენებული მერლოს ღვინო ხასიათდება ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულითა და ჰარმონიულობით, დამახასიათებელი სასიამოვნო ბუკეტითა და კარგი გემოთი. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა.


საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული ვაზის
წითელყურძნიანი სასუფრე ჯიშები

ბუდეშური წითელი (სინ.: შავი ბუდეშური, თამარეული) _ ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიშია. მორფოლოგიური ნიშნებითა და ბიოლოგიური თავისებურებით ალაზნის კერის ტიპური წარმომადგენელია. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად, კახეთის რაიონებში. ჯიში სასუფრე მიმართულებისაა. ხასიათდება მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზით. ბუდეშური წითელის მტევანი საშუალო ზომისაა, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე უფრო მსხვილია, ოვალური ან მოგრძო ფორმის, თხელკანიანია, საკმაოდ წვნიანი _ ჩვეულებრივი ტკბილი გემოთი. თხელკანიანობის გამო არ ინახება და დაბალტრანსპორტაბელურია. ჯიში საშუალო სიმწიფის პერიოდისაა _ სრულ სიმწიფეში 10-15 სექტემბერს შედის. ყურძნის წვენში შაქარი შეადგენს 15,5-16,5%-ს, ხოლო მჟავიანობა _ 5,5-6,0გ/ლ-ს.