Header Image Promo

გეოგრაფია

საქართველოს მევენახეობის რეგიონები

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები საუკეთესო გარემოს ქმნის მაღალხარისხიანი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის, რომლის თავისებურებათა მიხედვით ქვეყნის ტერიტორია იყოფა შემდეგ ზონებად და მიკროზონებად:
კახეთი. ქვეზონები: შიდა კახეთი, გარე კახეთი;
ქართლი. ქვეზონები: ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ზემო ქართლი;
მესხეთი;
იმერეთი. ქვეზონები: ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი;
რაჭა-ლეჩხუმი. ქვეზონები: რაჭა, ლეჩხუმი;
შავი ზღვის სანაპირო ზონა. ქვეზონები: აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი.

კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი ვენახები მდებარეობს ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან 400-700 მეტრ სიმაღლეზე, ნეშომპალა-კარბონატულ, შავმიწა და ალუვიურ ნიადაგებზე. საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინიდან 14 კახეთში იწარმოება: წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი, კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი. კახეთის ადგილობრივ და კულტივირებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: რქაწითელი, საფერავი, მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, ბუდეშური წითელი, კახური მცვივანი, საფენა, კუმსი ყვითელი, კაბერნე სოვინიონი (ფრანგული ჯიში), თავკვერი, იყალთოს წითელი და სხვა. კახეთში მოყვანილი ყურძნისგან მაღალი ხარისხის როგორც ევროპული, ასევე კახური ტრადიციული წესით დაყენებული ღვინო მზადდება.
ტრადიციულ კახური ღვინის ტექნოლოგიას ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. იგი გულისხმობს საწნახელში ყურძნის დაწურვასა და ტკბილის (ბადაგი) ჩასხმას ქვევრში. გამოწურვის შემდეგ ჭაჭისა და კლერტის სრულ რაოდენობას ამატებენ ქვევრში ჩასხმულ ყურძნის ტკბილს. ალკოჰოლური დუღილის დასრულების შემდეგ ჭაჭა იწყებს დაძირვას და ქვევრები იხურება, ხოლო ვაშლრძემჟავური დუღილის შემდეგ ქვევრები უკვე ჰერმეტულად იხურება. მარტში ღვინოს პირველად გადაიღებენ. შემდეგ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ღვინოს ავარგებენ და სისტემატურად აკონტროლებენ.
ტრადიციული კახური ღვინის გარდა, კახეთში გავრცელებული ვაზის ჯიშებიდან დგება ძალიან კარგი ევროპული სტილის ღვინო. მაგალითად, რქაწითელისა და კახური მწვანეს მონაწილეობით დგება ცნობილი ქართული ღვინო „წინანდალი“. კახეთის რეგიონში ყველაზე გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია საფერავი. მისგან ამზადებენ როგორც ქვევრის, ასევე ევროპული სტილის ღვინოებს. საფერავისგან დგება შესანიშნავი ვარდისფერი და ცქრიალა ღვინოებიც. კახეთმა საუკუნეების განმავლობაში შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის ორიგინალური ტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება მსოფლიოში არსებული ღვინის ამ ტიპისგან. იგი გამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთებისა და ტანინის მაღალი შემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი.

ქართლი მეღვინეობის გამორჩეული რეგიონია საქართველოში, რომელიც ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით. ვენახები გაშენებულია მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების - ლიახვისა და ქსნის ვრცელ აუზებში, ზღვის დონიდან 450-700 მეტრ სიმაღლეზე. ქართლს, ისევე როგორც სხვა რეგიონებს, აბორიგენული ჯიშები განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ქართლში გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო და საფერავი. ასევე გვხვდება იშვიათი ჯიშები: ჭყლაპა, ანდრეული, არაგვისპირული, გრძელმტევანა, მელიკუდა, ჭროღა, ხარისთვალა, ძელშავი. გარდა ადგილობრივი ჯიშებისა, ქართლში გავრცელებულია უცხოური ჯიშებიც: ალიგოტე, პინო შავი და თეთრი, შარდონე და სხვა. ქართლში, ისევე როგორც კახეთში, გავრცელებულია ტრადიციული და ევროპული მეღვინეობა. ადგილწარმოშობის ღვინის ჯიშებიდან ერთ-ერთი _ „ატენური“, სწორედ ქართლში იწარმოება.

იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, სადაც ძალზე განსხვავებული კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობაა, ამიტომ ღვინოები ყველგან განსხვავებულია. იმერეთში გავრცელებული ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ქვიშხური, ძელშავი, ალადასტური, დონდღლაბი, ბაზალეთური, კუნძა, ოცხანური საფერე, არგვეთული საფერე, რკო, ადანასური, ბზვანურა, შავი დონდღლაბი, ვანის ჩხავერი და სხვა. ტრადიციული მეღვინეობა აქაც, როგორც სხვა რეგიონებში, ქვევრთანაა დაკავშირებული, რომელსაც იმერეთში ჭურს უწოდებენ. განსხვავებით კახური ტრადიციული ღვინისგან, აქ ტკბილს უმატებენ ჭაჭის მხოლოდ მცირე ნაწილს. დადუღების შემდეგ ღვინოს ჭურში აყოვნებენ დაახლოებით 2 თვე, შემდეგ ხსნიან დურდოდან, გადააქვთ კასრებში და ამუშავებენ. იმერული ტიპის ღვინო ლამაზი ყვითელი ფერისაა, სრული, შინაარსიანი, საკმაოდ ჰარმონიული და ხალისიანი. იმერეთი განთქმულია სვირული კრახუნათი, ობჩური ცოლიკოურითა და კვალითური ციცქათი. იმერეთში იწარმოება ადგილწარმოშობის ღვინო „სვირი“.

რაჭა-ლეჩხუმი სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახების სიმცირითა და იშვიათი ჯიშის ყურძნით. აქ გავრცელებულია: ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური და ორბელური. რაჭის ზონა მოიცავს ამბროლაურის რაიონის დიდ ნაწილს, სადაც ვენახები გაშენებულია მდინარე რიონის ხეობაში, და ქვემო რაჭის ყველაზე მნიშვნელოვან ხვანჭკარის მიკროზონას. ლეჩხუმის მევენახეობის მხარის ძირითადი მიკროზონებია: ცაგერი, ორბელი, ალპანა-ტვიში, ზუბი-ოყურეში. ყველაზე სახელგანთქმული ღვინოები ამ რეგიონიდან არის უსახელოური და ადგილწარმოშობის ღვინოები _ ხვანჭკარა და ტვიში. ტვიშის მიკრორაიონული კლიმატი განაპირობებს იმერული ვაზის ჯიშის, ცოლიკოურის ყურძენში მაღალ შაქარმჟავიანობას და სწორედ ამ მიკროზონის ცოლიკოურისგან მზადდება თეთრი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო "ტვიში". აღსანიშნავია ასევე ორბელის ოჯალეში, რომელიც თავისი ამპელოგრაფიული მახასიათებლებითა და ღვინის ხასიათით განსხვავდება სამეგრელოს ოჯალეშისგან.
აჭარის, აფხაზეთის, გურიისა და სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია შავი ზღვის სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები იწყება ზღვის დონიდან 2-4 მეტრი სიმაღლიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე. ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილას ჭარბტენიანიც, ამიტომ ვაზი ხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით.

გურია-სამეგრელოს რეგიონი მეღვინეობის, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე უძველეს კერას წარმოადგენს. პირველი ცნობები ანტიკური წყაროებიდან სწორედ კოლხეთის შესახებ გვხვდება. ეს რეგიონი გამოირჩევა ვენახის თვითმყოფადი მოწყობის კულტურით, რომელიც XIX საუკუნემდე თითქმის მთლიანად მაღლარზე იყო გაშენებული. აქაური ისტორიული ჯიშებიდან ცნობილია ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ალადასტური, საკმიელა, ოჯალეში, გოდაათური, ჭვიტილური, ჩეჭიფეში და სხვა.

აფხაზეთი და აჭარა _ აფხაზეთი მეღვინეობის ისტორიულ მხარედ ითვლება. ვაზი აქ 400-დან 800 მეტრ სიმაღლემდე ხარობს ყველაზე კარგად. ადრეულ პერიოდში აქაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო მეღვინეობა, თუმცა, ჭრაქმა და ნაცარმა ძალიან ავნო ამ მხარეს. ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია: ამლახუ, ავასიხვა, კაჭიჭი, აღბიჟი, აკაბილი, აბსუაჟი, ლაკოაჟი, ხაფშირა, ხუნალიჟი და სხვ. ადგილობრივი ჯიშების გარდა აფხაზეთში კარგ შედეგს იძლევა ცოლიკოური, ოჯალეში, ჩხავერი, კრახუნა.
აჭარაში უკანასკნელ წლებში დაიწყეს ძველი ჯიშების აღდგენა და ცდილობენ აქტიურად მისდიონ მეღვინეობას. ისტორიული ჯიშებიდან აჭარაში ყველაზე მეტად ცნობილია: ბროლა, ხოფათური, კლარჯული, მეკრენჩხი, ბუტკო, კვირისთავა, შავშურა, ჯინეში, საწურავი, ბათომურა.