Header Image Promo

ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია 2014 წელს სააგენტომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევისა და პოპულარიზაციის“ პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლის მიზანი საქართველოს ღვინის კულტურის უძველეს კერად დადასტურებისათვის ახალი მონაცემების შეგროვება, მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორიის რეკონსტრუქცია და ქართული ღვინის პოპულარიზაციაა.

პროგრამა 3-წლიანია და მის ფარგლებში ხორციელდება ახალი არქეოლოგიური გათხრების ხელშეწყობა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ვაზის ნაშთების სისტემატიზაცია, დათარიღება და ანალიზი; არქეოლოგიური მასალის ბიოქიმიური ტესტირება ღვინის ნაშთების აღმოჩენის მიზნით; ქართული მევენახეობა - მეღვინეობის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის წარმოჩენა; თანამედროვე მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ანალიზი და ა.შ.

2016 წელს ჩატარდა პროგრამაში მონაწილე მეცნიერების სამუშაო შეხვედრა თბილისში, სადაც შეფასდა შესრულებული სამუშაო და დაისახა 2016 წლის გეგმა.

შესრულდა ერთი არქეოლოგიური ექსპედიცია შულავერში ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის 37 მკვლევარის მონაწილეობით. ახალი არტეფაქტები დაიგზავნა შესაბამის ლაბორატორიებში; გამოქვეყნდა სამეცნიერო და საპრომოციო სტატიები; მომზადდა მოხსენება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე;

რაც ყველაზე აღსანიშნავია, პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიო-მოლეკულური არქეოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელ პროფესორ პატრიკ მაკგოვერნის მიერ შესწავლილია ღვინის მჟავისა და ღვინისათვის ტიპიური სხვა ქიმიური ნივთიერებების კვალი მიმდინარე წლის არქეოლოგიური გათხრების დროს „შულავერის კულტურის“ (ძვ. წ. 6000 წელი) ძეგლებზე „გადაჭრილ გორასა“ და „შულავერის გორაზე“ აღმოჩენილ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებში (9 ნიმუში) და თანამდევ ნიადაგის ნიმუშებში (13 ნიმუში).