ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი 
Header Image Promo

ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი

თარიღი: 2015-09-09

6-8 სექტემბერს საქართველომ ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა.

ღონისძიების მიზანს, საზოგადოებისათვის და უცხოელი სპეციალისტებითვის ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და მეთოდოლოგიის, ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის უნიკალურობის, ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის, მრავალფეროვანი ღვინოებისა და ყურძნის ჯიშების, ქართული სამზარაულოს და კულტურის გაცნობა წარმოადგენდა. 

სიმპოზიუმი საქარველოს ეროვნულ მუზეუმში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გახსნეს.

,,ჩვენი ქვეყნისთვის ქვევრის ღვინის სიმპოზიუმის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი სიმპოზიუმი საქართველოში 2011 წელს ჩატარდა. აღნიშნული სიმპოზიუმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის შეტანა იყო. წელს კი, საქართველო სიმპოზიუმს უკვე მესამედ მასპინძლობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ სიმპოზიუმზე საუბარი იქნება არა მხოლოდ ქვევრის ღვინის შესახებ, არამედ ზოგადად ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, ღვინის დაყენების მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების შესახებ. 

სიმპოზიუმმა 7-8 სექტემბერს კახეთში, ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც მოხსენებებით წარსდგნენ მეცნიერები და ღვინის პროფესიონალები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმში სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, იტალია) მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. 

სიმპოზიუმს ფარგლებში საკვებისა და ქვევრის ღვინის შეხამების ღონისძიებაც გაიმართა, რომლის მოდერატორები, ცნობილი ღვინის კრიტიკოსები და წამყვანები ჩარლს მატკალფი და რობერტ ჯოზეფი იყვნენ. 

ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. 

სიმპოზიუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ასოციაციის ,,ქართული ღვინო“ და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ინიციატივით გაიმართა.