სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში 
Header Image Promo

სოფლის მეურნეობის მინისტრი კახეთში

თარიღი: 2015-09-11

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთის რეგიონში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. მინისტრი რთველი 2015-ის საკოორდინაციო შტაბის წევრებს შეხვდა და რთველის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. თელავში გამართულ შეხვედრას კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ. 

კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის კომპანიაში - "კორპორაცია ქინძმარაული" იმყოფებოდა. ოთარ დანელია ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო. როგორც კომპანიის დირექტორმა ნუგზარ ქსოვრელმა აღნიშნა, კომპანია სრულ მზადყოფნაშია მიიღოს და გადაამუშაოს ყურძენი. რთველის მიმდინარე სეზონზე "კორპორაცია ქინძმარაული" 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას გეგმავს.

"კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. საორგანიზაციო ყველა საკითხი მოგვარებულია. ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე, საწარმოები მზად არიან მიიღონ ყურძენი. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბიც. მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მევენახეებს რამდენიმე ალტერნატიულ გზას ვთავაზობთ. პირველი, ეს არის სახელმწიფო სუბსიდიას საწარმოში ჩაბარებულ ყურძენზე - 1კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრი, ხოლო 1 კგ საფერავზე 15 თეთრი; მეორე - შესაძლებელია ყურძნის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში მოწყობილ სპეციალურ სარეალიზაციო პუნქტებში, სადაც ყურძენს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს; მესამე - მათ შეუძლიათ ყურძნის ჩაბარება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ საწარმოებში, თუ მოსავალს არ იღებენ კერძო კომპანიები. ამ შემთხვევაში, ყურძნის ფასი ნაკლები იქნება საბაზრო ღირებულებაზე, რათა სახელმწიფო კერძო სექტორის კონკურენტი არ გახდეს. საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთველის პროცესში და თავად განსაზღვრავდა ყურძნის ფასს. ყურძნის ფასს არეგულირებს ბაზარი. ბოლო წლების მანძილზე არაერთი სისტემური ცვლილება განხორციელდა, რათა მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ჯანსაღი და სწორი განვითარება ყოფილიყო შესაძლებელი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მომავალი წლიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება", - განაცხადა ოთარ დანელიამ. 

რთველი დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო. 11 სექტემბრის მონაცემებით, 5 ათას ტონაზე მეტი ყურძენი უკვე გადამუშავდა. ამ ეტაპზე ყურძნის მიღებას ღვინის მწარმოებელი 17 საწარმო, მათ შორის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 4 საწარმო ახორციელებს. ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე, რთველის პროცესში კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებიც ჩაერთვება. პარალელურად, ყურძნის მიღებას სხვა საწარმოებიც დაიწყებენ. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დერეგისტრირებულია 70-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია.