საგანგებო ბრიფინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროში 
Header Image Promo

საგანგებო ბრიფინგი სოფლის მეურნეობის სამინისტროში

თარიღი: 2015-09-10

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

მინისტრმა რამდენიმე სიტყვით შარშანდელი რთველი და ის ღონისძიებები მიმოიხილა, რომელიც სახელმწიფომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით გაატარა. 

„შარშან, რთველის შედეგად, მხოლოდ კახეთის რეგიონში, დაახლოებით 170 მილიონი ლარი შევიდა; დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელშიც სახელმწიფომ 14 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. საერთო ჯამში, სეტყვის  30-ზე მეტი პრევენცია მოხდა. სუბსიდია განხორციელდა აგროდაზღვევისთვის, სადაც საერთო ჯამში 182 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების აგრორისკია დაზღვეული; მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის 150 მილიონამდე ლარის სესხი, ხოლო ღვინის ექსპორტიორ კომპანიებზე 40 მილიონამდე დოლარის სესხია გაცემული.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მიმდინარე წელს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარების შესახებაც. ვითარება ბაზრებზე იცვლება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე სახელმწიფოს მიერ დივერსიფიკაციის მიმართულებით გატარებული მთელი რიგი ღონისძიებების შედეგებზე ისაუბრა. 

„სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ღვინის ექსპორტი გაზრდილია ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ყაზახეთი 68%, პოლონეთი 85%, ჩინეთი 107%, ლატვია 50%, ესტონეთი 35%, დიდი ბრიტანეთი 46%, იაპონია 110% - ეს გახლავთ 2011-14 წლების შედარება. 

2012 წლამდე, წლების მანძილზე, სულ ორ მილიონ ლარამდე იქნა დახარჯული ღვინის ხელშწყობის, რეკლამირებისა და მარკეტინგის მიმართულებით. მხოლოდ 2014 წელს, ჩვენ ხუთი მილიონი ლარი ავითვისეთ ამ მიმართულებით, საიდანაც დახარჯული თანხების 99% -ში  არ შედის დსთ-ს ქვეყნებსა და, მათ შორის, არც ერთი ლარი რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გაწეული ხარჯი.

რაც შეეხება 2015 წლის რთველთან დაკავშირებით, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში რეალობა არ შეესაბამება მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციებს. 

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ არ ვგეგმავდით რთველის სუბსიდირებას. ბაზრებზე შემცირებული მოთხოვნის გამო  გადავწყვიტეთ სუბსიდიის გაცემა - ეს გახლავთ 35 თეთრი თეთრი ყურძნის შემთხვევაში და 15 თეთრი შავი ყურძნის შემთხვევაში და ეს ფასი არ გადაიხედება. საერთო ჯამში, მინიმუმ, 30 მილიონი ლარი დაუჯდება სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირებსი პროგრამა. ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ კრიტიკის ობიექტები გავხდით, ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილი სუბსიდირების წინააღმდეგი იყო. 

რაც შეეხება ორგანიზაციულ საკითხებს, რთველის საორგანიზაციო შტაბი შექმნილია; მუშაობს ცხელი ხაზი. ამ დღეებში იწყება რთველის აქტიური ფაზა. დღეის მონაცემებით, ოთხი ათას ტონამდე ყურძენია ჩაბარებული. 

მინდა მოგახსენოთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მეღვინეობის ხელშესწყობის ღონისძიებები.  სიღნაღსა და დედოფლისწყაროში ვგეგმავთ კოოპერატივების გაკეთებას, დარჩელში თხილის კოოპერატივის ანალოგიურს. ამ ტიპის კოოპერატივებში გლეხებსა და ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი ყურძნისგან მიიღონ საბოლოო პროდუქტი და მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური მოგება ნახონ. 

მინდა მოგახსენოთ, რომ ფასებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავაფიქსიროთ და ბაზარს ფასი არ ვუკარნახოთ.  ნებისმიერი ფასი, რომელსაც სახელმწიფო დააფიქსირებს, გახლავთ მხოლოდ საბაზრო ფასიდან გამომდინარე. 

რაც შეეხება ყურძნის რეალიზაციას, სახელმწიფო ჩაიბრებს ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელსაც კერძო სექტორი არ ჩაიბარებს. თეთრი ყურძნის შემთხვევაში ფასი იქნება 60 თეთრი და შავი ყურძნის შემთხევაში,  საფერავზეა საუბარი, 85 თეთრი.  ეს გახლავთ სახელმწიფოს მინიმალური ზღვრული ფასი.

გარდა ამისა არსებობს აგრარული ბაზრები, სადაც კილოგრამი ყურძენი 1 ლარზე იაფი არ არის. ყველა რეგიონში არის სპეციალურად მოწყობილი ყურძნის სარეალიზაციო ადგილები. მინდა აღვნიშნო, რომ  ყველა ქვეყანაში სახლში გაკეთებული ღვინო გაცილებით უფრო ძვირფასია ვიდრე ქარხნის ღვინო და ბუნებრივია ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია რომ ვართ ღვინის ქვეყანა, თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გვიყვარს ვაზი, მაშინ ალბათ კარგი იქნება, რომ ასეთი ტიპის წარმოებაზეც იფიქრონ ადამიანებმა. 

და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის რომ, ერთი კოლოგრამი ყურძენიც კი  არ უნდა დარჩეს ჩაუბარებელი, მიუხედავად იმისა, რომ მოსავალი ჭარბია, მოთხოვნა კი შემცირებული. 

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, გლეხი წაგებული არ დარჩება და რომ, პრაქტიკულად, აღნიშნული ფასების პირობებში, ეს გახლავთ თითქმის 100-%-იანი მოგება.

მინდა აღვნიშნო, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ერთდროულად, ორგანიზებულად რამდენიმე მიტინგის მოწყობა მართული პროცესია. ჩვენ ასევე გვქონდა შემთხვევა, როდესაც კომპანია, რომელიც საერთოდ დარეგისტრირებელი არ იყო რთველის საორგანიზაციო შტაბში გამოთქვამდა პრეტენზიებს შტაბის მუშაობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ვაზის გაჩეხვის  მუქარას. ჩვენ ვართ ქართველები და ქართველი კაცისთვის ვაზის გაჩეხვა თუ ასეთი ადვილია, ის ვაზს ნამდვილად არ იმსახურებს. ეს ერთი და მეორე, სპეკულაცია ამ თემით არის აბსოლუტურად მიუღებელი. 

მერწმუნეთ, თუ ადამიანს არ უნდა რომ ყურძენი ჩააბაროს, მოგება ნახოს და ურჩევნია ვაზი აჩეხოს  ეს მისი არჩევანია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.