კახეთში რთველი იწყება 
Header Image Promo

კახეთში რთველი იწყება

თარიღი: 2015-09-09

სახელმწიფო 10 სექტემბრიდან ყურძნის შესყიდვას  დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებიდან იწყებს. 

ამ ეტაპზე 4 ღვინის საწარმო - დედოფლისწყაროში, დაბა წნორში, გურჯაანში და გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში სრულ მზადყოფნაშია დაიწყოს ყურძნის გადამუშავება.

რთველში ეტაპობრივად კახეთის რეგიონის სხვა რაიონებიც ჩაერთვება, რასაც შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სხვა ღვინის საწარმოების გახსნა მოჰყვება.

სახელმწიფო მწიფე (კონდიციურ) 1 კგ რქაწითელში და კახურ მწვანეში გადაიხდის 25 თეთრს, რასაც ემატება ასევე სახელმწიფო სუბსიდია 35 თეთრი -  ჯამში 60 თეთრი. ასევე, 1 კგ საფერავში მევენახეს გადაუხდის 70 თეთრს, რაც სუბსიდიის ჩათვლით მიაღწევს 85 თეთრს. 

აღნიშნულის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და მოსახლეობას დეტალების დასაზუსტებლად შეუძლია მიმართოს მათ - თუ რომელ საწარმოში რომელი ჯიშის ყურძენი შეუძლიათ ჩააბარონ.

9 სექტემბრისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 56 ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე აქტიურად დაიწყებენ მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას. 

ამასთან ერთად, მევენახეს შეუძლია საკუთარი ყურძენი კერძო კომპანიებსაც ჩააბარონ. რამდენიმე კერძო ღვინის კომპანიამ უკვე შეისყიდა მოსახლეობისგან ყურძენი.

რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ცხელ ხაზზე - 2 47 01 01, ან ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.georgianwine.gov.ge

მიმდინარე წელს, მიუხედავად აგვისტოში მომხდარი სტიქიით მიყენებული ზარალისა, შარშანდელთან შედარებით ყურძნის უხვი მოსავალია. ხელისუფლებას აქვს სრული მზაობა და გაწერილი გეგმა, რათა წლევანდელმა რთველმაც ორგანიზებულად ჩაიაროს და მოსავალის რეალიზაცია-დაბინავების პრობლემა არცერთ მევენახეს არ შეექმნას.