განცხადება რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით 
Header Image Promo

განცხადება რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით

თარიღი: 2015-09-08

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას. 

8 სექტემბრისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 51 ღვინის კომპანია, რომლებიც ყურძნის სიმწიფეში შესვლისთანავე დაიწყებენ მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვას.

სახელმწიფო მზად არის 10 სექტემბრიდან შეისყიდოს ჭარბი ყურძენი დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში, სადაც ღვინის კომპანიების მხრიდან ყურძნის გადამუშავებით დაინტერესება ნაკლებია.

რაც შეეხება მევენახეების მხრიდან უკმაყოფილებას ყურძნის ჩასაბარებელ ფასებთან დაკავშირებით და აქციების გამართვას, ეს პროცესები რთველის შეფერხებისა და ჩაშლის მცდელობის სახეს იღებს. ეს კი, ყველაზე მეტად აზარალებს კახელ მევენახეებს. ჩნდება ეჭვი, რომ ეს პროცესი ხელოვნურად არის მართული.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ კერძო ყურძნის გამყიდველი და მყიდველი თავად თანხმდებიან ყურძნის შესასყიდ რაოდენობაზე, ხარისხსა და ფასზე. სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი. 

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მევენახეებს, ნუ აყვებიან პროვიოკაციებს და აგროვადების დაცვით მოახდინონ ყურძნის კრეფა. 

ამასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წნორის ქარხანა („ტიბაანი 2000“) მზად არის მოსახლეობისგან მიიღოს ყურძენი და საამისოდ ელოდება რთველის საკოორდინაციო შტაბის მითითებას, ეს არ შეესაბამება სიმართლეს - უკანასკნელ წლებში აღნიშნული ქარხნის ყურძნის გადასამუშავებელი სიმძლავრეები გამოიყენებოდა ღვინის სახელმწიფო კომპანიების მიერ და წნორის კომპანია წელს რთველის საკოორდინაციო შტაბში საერთოდ არ დარეგისტირებულა.

რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ცხელ ხაზზე - 2 47 01 01.