ღვინის ეროვნული სააგენტო მაკაუში მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს 
Header Image Promo

ღვინის ეროვნული სააგენტო მაკაუში მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს

თარიღი: 2015-07-07

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქ მაკაუში, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს. ჩინეთის ქალაქი მაკაუ ცნობილია განვითარებული ტურიზმითა და სათამაშო ბიზნესით, რომელსაც წელიწადში 30 მლნ ტურისტი სტუმრობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთში, მაია ცქიტიშვილმა მაკაუს სამოქალაქო და მუნიციპალური საქმეების ბიუროს კვების ინსპექციისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  (Jose Ernesto Paula) მიწვევით აღნიშნულ ქალაქში სამუშაო შეხვედრები გამართა.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი შეხვდა ქართული ღვინის პოტენციურ იმპორტიორებს, მაკაუს იმპორტის ასოციაციის (MUSA) პრეზიდენტის მოადგილეს, ვაჭრობისა და კომერციის სააგენტოს (VANG KEI HONG) გენერალურ მენეჯერს და მარკეტებისა და რესტორნების სადისტრიბუციო კომპანიის (HERBY) ხელმძღვანელს. შეხვედრა გაიმართა აგრეთვე ტურიზმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (IFL) ხელმძღვანელებთან, სადაც მხარეებმა განიხილეს  ქართული ღვინის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის სამომავლო ერთობლივ აქტივობები.

შეხვედრებზე განხილული იყო ქართული ღვინის  იმპორტის პერსპექტივები და მაკაუს ბაზარზე ქართული ღვინის შეღწევის მიზნით კონკრეტული საპრომოციო, მარკეტინგული და საგანმანათლებლო გეგმები. მოეწყო ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები.

„მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქში, რომელიც განთქმულია ტურიზმითა და კაზინოებით, კონკრეტული მარკეტინგული აქტივობების გატარებამ ქართული ღვინის ექსპორტს საკმაოდ კარგი შედეგი უნდა მოუტანოს. მაკაუს ბაზარი დანარჩენი ჩინეთისაგან იმით განსხვავდება, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეჩვეულია ბოთლის ღვინის მოხმარებას” - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ივნისის ბოლოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ცნობილი ღვინის მაგისტრის დებრა მეიბურგის ორგანიზებით, მაკაუში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაციის გაიმართა. ქართული ღვინო ამ ქალაქში პირველად იყო წარდგენილი და ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები, ღვინის მაღაზიებისა და ბარების წარმომადგენლები, ბლოგერები, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტები დაესწრნენ.