ღვინის ექსპორტის ნახევარი წლის მონაცემები 
Header Image Promo

ღვინის ექსპორტის ნახევარი წლის მონაცემები

თარიღი: 2015-07-03

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13 706 653   ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 39 425 552 აშშ დოლარს შეადგენს.

ივნისში, წლის განვლილ პერიოდთან შედარებით,  ყველაზე მაღალი ექსპორტი დაფიქსირდა - 3 251 246 ბოთლი. შედარებისთვის: იანვარში ექსპორტირებული იყო 1 343 018, თებერვალში - 1 558 631, მარტში -2 198 535, აპრილში - 2 878 656, მაისში - 2 476 567 ბოთლი. 

საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 23%, იაპონია - 21%, ლატვია - 20%, ესტონეთი - 16%, გერმანია - 5%, კანადა - 159%, აშშ - 61%, ყაზახეთი - 6%, დიდი ბრიტანეთი - 33%, ჰონგ-კონგი - 230% და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული  ასე გამოიყურება: რუსეთი - 6 555 183, ყაზახეთი - 2 275 722, უკრაინა -    1 257 918, პოლონეთი - 796 076,  ჩინეთი -   759 969 ბოთლი. 

ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ადგილწარმოშობის ღვინოები: „ქინძმარაული“ (წითელი ნახევრადტკბილი) – 1 960 717, „მუკუზანი“ (წითელი მშრალი) – 637 643 და  „წინანდალი“ (თეთრი მშრალი) – 432 128 ბოთლი. 

არასტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში - რუსეთსა (-63%) და უკრაინაში (-60%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია 6 თვის ექსპორტის სტატისტიკაზე, რომელიც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ითაა შემცირებული. იანვარში კლების მაჩვენებელი იყო - 87%, თებერვალის მონაცემებით - 71%, მარტის - 67%, აპრილის - 58%, მაისის - 54%.

ასევე აღსანიშნავია, რომ იანვარში ღვინის ექსპორტი სულ 16 ქვეყანაში განხორციელდა, პირველი კვარტლის მონაცემებით -  25, ხოლო ივნისისთვის 33 ქვეყანაში.

ხაზგასასმელია, რომ 2015 წლის 6 თვის ექსპორტის მაჩვენებელი (13 706 653   ბოთლი) აღემატება გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებს, 2014 წლის გამონაკლისით. მაგალითისთვის:  2012 წელს ექსპორტირებული იყო  9 105 787 და 2013 წ.  – 11 354 671 ბოთლი ღვინო.  კლება  არის 2014 წელთან შედარებით (26 872 145 ბოთლი), რაც განპირობებულია მრავალწლიანი ემბარგოს გაუქმების შემდეგ, 2014 წელს რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის ბუმისა და პიკური  მაჩვენებლით.

ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 523 161 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც თანხაში 7 073 805 აშშ დოლარს აღწევს. 

მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია ასევე 57 402 ბოთლი (0,5 ლ) ბოთლი ჭაჭა.

მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა წლის პირველ ნახევარში 58,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.