ქართული ვაზისა და კულტურის კვლევის პროექტის სამუშაო შეხვედრა 
Header Image Promo

ქართული ვაზისა და კულტურის კვლევის პროექტის სამუშაო შეხვედრა

თარიღი: 2015-07-01

ქართული ვაზისა და კულტურის კვლევის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ღვინის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სააგენტომ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიწყო და მისი მიზანია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა და ქართული ღვინის პოპულარიზაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები -  ლევან დავითაშვილი და დავით გალეგაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი, პროექტის კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტოდან დავით მაღრაძე, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოსა და პროექტის განხორციელებაში ჩართული ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები.

როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო სამუშაოა შესრულებული და სავარაუდოდ იგი 2016 წელსაც გაგრძელდება. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, დავით ლორთქიფანიძის შეფასებით, პროექტი არის საერთაშორისო მნიშვნელობის და მასში ჩართულობა ნებისმიერი მკვლევარისა, თუ მეცნიერისთვის პრესტიჟულია.

პროექტის კოორდინატორმა, დავით მაღრაძემ პრეზენტაციის სახით წარმოადგინა განვლილ 6 თვეში შესრულებული სამუშაოები და წლის დარჩენილი პერიოდის ამოცანები. მათ შორის აღსანიშნავია, აპრილის თვეში, მარნეულის რაიონში, შულავერის კულტურის (ძვ. წ. მე-6-5 ათასწლეული) ძეგლზე „გადაჭრილ გორაზე“, მევენახეობა - მეღვინეობასთან დაკავშირებული არტეფაქტების მოპოვების მიზნით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. გათხრების შედეგად, ბიო-მოლეკულური კვლევისათვის შეირჩა თიხის ნიმუშები პროფესორ მაკგოვერნისათვის გასაგზავნად. ასევე მოპოვებული იყო მასალა არქეობოტანიკური და მოლეკულური კვლევებისათვის. გათხრებში პირველად მიიღო მონაწილეობა ტორონტოს უნივერსიტეტის  მკვლევარმა სტეფენ ბატიუკმა. გათხრები განახლდება მიმდინარე წლის შემოდგომაზე. პროექტის ფარგლებში, წლის პირველ ნახევარში, ისრაელის ვეიზმანის უნივერსიტეტის D-DREAMS Radiocarbon Dating ლაბორატორიაში დათარიღებისათვის გაიგზავნა საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს აღმოჩენილი ვაზის არქეოლოგიური წიპწების 6 ნიმუში, ასევე განხორციელდა პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები.

პროექტი მრავალპროფილურია და ატარებს სამეცნიერო ხასიათს. მის მენეჯმენტს ახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, მასში ჩართულები არიან ქართული და უცხოური ინსტიტუტები და მკვლევარები, სხვადასხვა დარგის მეცნიერები: გენეტიკოსები, არქეოლოგები, აგრონომები, ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ა.შ. მათ შორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საფრანგეთის აგრარული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, მილანის უნივერსიტეტი, აშშ-ის პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორია და ა. შ.