\"მეღვინეობა ხარებას\" წარმატება საერთაშორისო კონკურსზე 
Header Image Promo

\"მეღვინეობა ხარებას\" წარმატება საერთაშორისო კონკურსზე

თარიღი: 2015-06-27

ღვინის ეროვნული სააგენტოსა  და კომპანია „მეღვინეობა ხარება“-ს ორგანიზებით, მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის წარმატებებსა და პერსპექტივებზე კონფერენცია გაიმართა. „მეღვინეობა ხარებას“ ღვინომ „შატო ლიპარტიანი“ გასულ კვირას, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე  Les Citadelles Du Vin ოთხი მედალი, მათ შორის უმაღლესი ჯილდო - ოქროს თასი  მოიპოვა.  

კონფერენციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - იური ნოზაძე და ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი (აშშ), მეღვინეობის დარგში მოღვაწე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნა. მან შეკრების მონაწილეებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

„დღევანდელი შეკრების მიზეზია ერთ-ერთ პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე - Les Citadelles Du Vin-ზე კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ წარმატება. წელს კონკურსზე 1200 წარმოდგენილ ღვინოს შორის ქართული ღვინოებიც იყო და ძალიან ამაყები ვართ, რომ კომპანიამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში ქართული ღვინო მსოფლიოს არაერთ მნიშვნელოვან და პრესტიჟულ გამოფენაზე უმაღლეს შეფასებასა და ჯილდოს იმსახურებს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა  მსოფლიოში ცნობილმა ღვინის მაგისტრმა  ლიზა გრანიკმა (აშშ), რომელმაც საერთაშორისო ბაზრებზე  ქართული ღვინის წარმატებაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. ტიტული - ღვინის მაგისტრი, არის უმაღლესი რეგალია მეღვინეობის სფეროში. მსოფლიო მასშტაბით სულ 300-მდე ღვინის მაგისტრია, მათ შორის არის  ლიზა გრანიკი. შესაბამისად, ქართული ღვინის შესახებ მისი რეცენზიებსა  და შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

კონფერენციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმაც მიმართა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ და ზოგადად ქართულ მეღვინეობას კიდევ ერთ წარმატებას. ეს არის ლოგიკური შედეგი იმ სახელმწიფო პოლიტიკის, რომელიც ბოლო წლებში მეღვინეობა-მევენახეობის დარგში ხორციელდება. 2012 წლის შემდეგ სოფლის მეურნეობის დარგი გახდა მთავრობის რეალური პრიორიტეტი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. საქართველო არის ღვინის სამშობლო და მას გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ მსოფლიო მეღვინეობის რუკაზე  ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა „მეღვინეობა ხარებას“  წარმოეობის დირექტორი, ვლადიმერ კუბლაშვილი და კომპანიის წარმოებული ღვინოების მიერ საერთაშორისო გამოფენებში მოპოვებულ წარმატებასა და ჯილდოებზე ისაუბრა.

კონფერენციის დასრულების შემდეგ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ სხვადასხვა სტილის ღვინოები.