პეკინში ქართული ღვინის მოყვარულთა წრე ფართოვდება 
Header Image Promo

პეკინში ქართული ღვინის მოყვარულთა წრე ფართოვდება

თარიღი: 2015-06-25

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს ქართული ღვინის სერტიფიცირებული სემინარები და სადეგუსტაციო შეხვედრები, რომელსაც უკვე  450-მდე ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანი დაესწრო. 

ქართული ღვინის სასერტიფიკატო სემინარები ორ წამყვან საკონსულტაციო-ტრენინგ ცენტრში - Ease Scent და Dragon Phoenix Wine Consulting- ში პარალელურად იმართება. სემინარებს უძღვებიან ჩინეთში ცნობილი ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები, მათ შორისაა ღვინის მაგისტრობის კანდიდატი ფოგი ვოლკერი (Fogyee Walker). დამსწრეთა უმრავლესობა ჟურნალისტი, ღვინის მოყვარული, დისტრიბუტორი და ღვინის პროფესიონალია. 

სხვადასხვა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის მიერ წარმოებული ექვსი სახეობის ღვინისა და შუშხუნა ღვინის დეგუსტაციის გარდა, ღვინის სემინარებზე და სადეგუსტაციო შეხვედრებზე წარმოდგენილია ჭაჭა და ბრენდი. ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქართული ღვინის კულტურას, ისტორიასა და მის უნიკალურობას, ასევე ქართული ღვინის თანამედროვე მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებს. 

სადეგუსტაციო შეხვედრებზე ძირითადი აქცენტი კეთდება ჩინური კერძებისა და ქართული ღვინის უნიკალურ თავსებადობაზე, რაც ადგილზე დაგემოვნებით დასტურდება.

“პეკინში საკმაოდ სწრაფად იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა. შეხვედრებმა, დეგუსტაციებმა, სემინარებმა, სოციალური ქსელისა და მედიის გააქტიურებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასურველი შედეგის მიღწევაში. 3 თვის წინ პეკინში რთული იყო ჩინელის პოვნა, რომელსაც სმენია საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ. მაგრამ როგორც ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, ჩილეს ღვინოების იმპორტიორმა აღნიშნა, ქართულ ღვინოს უკვე ბევრი აქებს“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ჩინეთში მაია ცქიტიშვილმა.