ქართული ღვინო ლონდონში 
Header Image Promo

ქართული ღვინო ლონდონში

თარიღი: 2015-05-28

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 26 და 27 მაისს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები მოეწყო.

ქართული ღვინის დეგუსტაცია  26 მაისს,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე გაიმართა, რომელსაც საქართველოს  ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში რევაზ გაჩეჩილაძემ უმასპინძლა. "The Lansdowne Club"–ში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-წრეების, ასევე ლონდონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და გაერთიანებულ სამეფოში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

27 მაისს, ღვინის პროფესიონალებსა და მოყვარულებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ ლონდონის პრესტიჟულ ღვინის სახლში „ჰედონიზმი“. პრეზენტაციას ცნობილი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott) უძღვებოდა. იქ მისულ სტუმრებს, ღვინოსთან ერთად, ქართული სამზარეულოს სხვადასხვა კერძების დიდი არჩევანი დახვდათ.

ქართული ღვინის წარდგენას დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რადგან ლონდონი მთელს მსოფლიოში  ალკოჰოლური მოდის კანონმდებლად ითვლება.