ქართული ღვინის კომპანიების მორიგი წარდგენა ჩინეთში 
Header Image Promo

ქართული ღვინის კომპანიების მორიგი წარდგენა ჩინეთში

თარიღი: 2015-05-25

ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შაანსის პროვინციის ქალაქ სიანში მიმდინარე საერთაშორისო საინვესტიციო-სავაჭრო ფორუმში (19th Investment and Trade Forum for Cooperation between East and West China and Silk Road International Exposition) იღებს მონაწილეობას.

გამოფენა 22-26 მაისს ტარდება და მასში მონაწილეობას იღებს ქართული დელეგაცია, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასევე საქართველოს სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები.

საქართველო, ტაილანდთან და ყირგეზეთთან ერთად, ითვლებოდა ღონისძიების საპატიო სტუმრად.

საერთაშორისო ფორუმზე მოეწყო საქართველოს ეროვნული პავილიონი, სადაც წარმოჩენილია ქართული ისტორიულ-კულტურული და ეკონომიკურ-სოციალური გარემო. საქართველოს ტურიზმის, ღვინის და საინვესტიციო ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრებს  საქართველოზე აწვდიან ინფორმაციას .

გამოფენის ფარგლებში მოწყობილ ქართული  ღვინის კუთხეში წარმოდგენილია შემდეგი კომპანიების პროდუქცია: „ქინძმარაული მარანი“, „ქიმერიონი“, „KTW”, „შატო მუხრანი“, „მეღვინეობა ხარება“, „კახური ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „ბარატიონი 1882“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, "არმაზი", "ბატონო", "ვაინმენი" და "ვაზიანი კომპანი".

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის და პოლონეთის შემდეგ. 2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია  494 478 (0,75 ლ) ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 90%-ით აღემატება, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ინტენსიური მარკეტინგული კამპანიით იყო განპირობებული.