ჩინეთში ქართული ღვინისა და კულტურის საღამოები იმართება 
Header Image Promo

ჩინეთში ქართული ღვინისა და კულტურის საღამოები იმართება

თარიღი: 2015-05-19

ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით,  პეკინში ქართული ღვინისა და კულტურის საღამოები იმართება, რომლებსაც ხელოვნებისა და კულტურის სფეროს, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ესწრებიან -  ის პირები, რომლებიც ჩინელ მომხმარებელში ახალი ტრენდების, გემოვნებისა და ჩვევების დამკვიდრებაში უდიდეს როლს ასრულებენ.

ქართული ღვინის სადეგუსტაციო საღამოები ღვინის ეროვნული სააგენტოს პოპულარიზაციის პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მსგავსი შეხვედრები მიმდინარე წელს  ყოველთვიურად ჩატარდება, რომელიც ჯამში 300-მდე სტუმარს უმასპინძლებს.

პეკინში აღნიშნულ ღონისძიებებს  ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციასთან (ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ინსტიტუტი) ერთად უწევს ორგანიზებას.

”ქართული ღვინის საგანმანათლებლო სემინარებთან ერთად, რომელიც ძირითადად ღვინის პროფესიონალებისა და ღვინის ბიზნესში ჩართულ პირებს აერთიანებს, მნიშვნელოვანია ქართული ღვინისა და კულტურულ-ისტორიული ღირებულებების წარმოჩენა საზოგადოების იმ ჯგუფისათვის, რომელიც ჩინეთში სტილისა და გემოვნების განმსაზღვრელია. მათ მიერ აღიარებული პროდუქტი, ყოველთვის მისაბაძი და პატივსაცემია.  ასეთი სახის შეხვედრები ხელს უწყობს ერებს შორის კულტურების გაცნობას, რაც პროდუქტს კიდევ უფრო მეტ ღირებულებასა და მიმზიდველობას სძენს“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ღვინისა და კულტურის საღამოები ქართული ღვინის დეგუსტაციის ფონზე 2 საათს გრძელდება, სადაც მოწვეული სტუმრებისათვის 6-7 სახეობის ქართული ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი, მიმდინარეობს ქართულ ტრადიციებსა და კულტურაზე საუბარი.  საღამოებს ჩინეთის ღვინის აკადემიის დეკანი ლიმინგ ვანგი (Liming Wang) უძღვება.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს,  საღამოები ქართული კულტურისა და ხალხისადმი პატივისცემით, ქართული ღვინით აღფრთოვანებით, სამომავლო თანამშრომლობისა და მეგობრობის სურვილით სრულდება.