ქართული ღვინის დეგუსტაცია გვანჯოუში 
Header Image Promo

ქართული ღვინის დეგუსტაცია გვანჯოუში

თარიღი: 2015-05-12

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში 10-12 მაისს რიგით მე-14 ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა „Interwine China 2015“ გაიმართა. გამოფენის ფარგლებში 11 მაისს ჩატარდა ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაცია სახელწოდებით -“Discover the roots of Georgian wine”, რომელსაც უძღვებოდა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეული მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ს ხელმძღვანელი, ცნობილი ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი. სემინარს დაესწრო 40-50 ადამიანი, კომერციული სტრუქტურებისა და მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნული გამოფენა ჩინეთში 2005 წლიდან იმართება, წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ყოველწლიურად გამოფენაში მონაწილეობას იღებს 500 ზე მეტი მონაწილე 20-ზე მეტი ქვეყნიდან და მას 20 ათსაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს - ღვინის ბაიერები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სასტუმროს ქსელების წარმომადგენლები.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები: „მეღვინეობა ხარება", „თელავის ღვინის მარანი", „შატო მუხრანი", „GWS", „ბესინი", „არმაზი", „ბაგრატიონი", „თელიანი ველი" და „ქინძმარაულის მარანი“.

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის და პოლონეთის შემდეგ. 2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია  494 478 (0,75 ლ) ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 90%-ით აღემატება, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ინტენსიური მარკეტინგული კამპანიით იყო განპირობებული.