პეკინში ქართული ღვინის საგანმანათლებლო სემინარები ჩატარდება 
Header Image Promo

პეკინში ქართული ღვინის საგანმანათლებლო სემინარები ჩატარდება

თარიღი: 2015-05-13

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინის საგანმანათლებლო სემინარი გაიხსნა, რომელსაც პირველ ეტაპზე 317 მსმენელი დაესწრება. წინასწარ შერჩეულ მსმენელებს შორის არიან ღვინის მოქმედი და მომავალი ექსპერტები, ღვინის მოყვარულები, დისტრიბუტორები და ღვინის მაღაზიების ქსელების მფლობელები.

„ქართული ღვინის შესახებ ღვინის მოყვარულთა და პროფესიონალთა განათლება, ჩინეთის ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ქართული ღვინის პოპულრიზაციის მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია” - აღნიშნა სააგენტოს წარმომადგენელმა ჩინეთში მაია ცქიტიშვილმა,  რომელიც ქართული ღვინის საგანმანათლებლო სემინარების  გახსნას დაესწრო.

სემინარები იმართება ღვინის სფეროში ორ წამყვან საკონსულტაციო-ტრენინგ ცენტრში (Ease Scent / www.easescent.com და Dragon Phoenix Wine Consulting / www.dpwc.co ), რომელსაც უძღვებიან ღვინის პროფესიონალები და ცნობილი ღვინის ექსპერტი ქალბატონი ფოგი ვოლკერი (Fogyee Walker, AIWS, ღვინის მაგისტრობის კანდიდატი). 

ქართული ღვინის საგანმანათლებლო სემინარები იმართება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით.

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთის და პოლონეთის შემდეგ. 2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია  494 478 (0,75 ლ) ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 90%-ით აღემატება.

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვიზიტად მყოფმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჰან ჩანგფუმ აღნიშნა, რომ ქართულ ღვინოს აქვს უდიდესი პოტენციალი დაიმკვიდროს ადგილი არა მარტო ჩინეთის, არამედ მსოფლიო ბაზარზე.

ფოტო გალერეა