ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფმა საქართველოს თავმჯდომარეობა დადებითად შეაფასა 
Header Image Promo

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფმა საქართველოს თავმჯდომარეობა დადებითად შეაფასა

თარიღი: 2015-05-07

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) მიერ საქართველოს ერთწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდი დადებითად შეფასდა. ამის შესახებ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ WWTG-ს ყოველწლიურ შუასასესო შეხვედრაზე აღინიშნა, სადაც შედგა თავმჯდომრეობის საქართველოდან ავსტრალიაზე გადაბარება.

WWTG სახელმწიფოთა არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის მიზანია ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს (აშშ, კანადა, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, საქართველო) შორის ღვინით ვაჭრობის გამარტივება.

საქართველო WWTG-ს 2014 წლის აპრილიდან 1 წლის განმავლობაში თავმჯდომარეობდა და ამ პერიოდში მოხდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება და დოკუმენტების შემუშავება, რომლებიც ამ ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ღვინით ვაჭრობის პროცედურებს გაამარტივებს.

ბრიუსელში გამართულ შუასასესიო შეხვედრაზე განხილული იყო  ღვინით ვაჭრობასთან დაკავშირებული შემდეგი საკითხები: პესტიციდების ზღვრები, ტექნიკური ბარიერები, ტრადიციული ტერმინები, თბილისის განცხადების პრინციპების იმპლემენტაციაში მიღწეული შედეგები.  დელეგაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საანგარიშო პერიოდში წევრი ქვეყნების მიერ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ეროვნულ კანონმდებლობაში მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე, აგრეთვე ორმხრივი მოლაპარაკებებისა და სავაჭრო შეთანხმებების მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სოფლის მეურნეობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე ასოციაცია "ქართული ღვინო"-ს წარმომადგენლები.

შუასასესიო სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა გარემოს დაცვის საკითხებში კარლ ფალკენბერგმა (Karl Falkenberg). საქართველოს დელეგაციამ საქართველოს მთავრობის სახელით გამართა მიღება, რომელსაც შეხვედრის მონაწილეებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საელჩოს თანამშრომლები დაესწრენენ. 

WWTG -ის თავმჯდომარეობის პერიოდში ქართული მხრიდან მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.

WWTG-ს პლენარული სხდომა  გასული წლის 25-27 აგვისტოს საქართველოში გაიმართა. 

 

 

ფოტო გალერეა