ქართული ღვინის მიმართ ჩინეთში ინტერესი იზრდება 
Header Image Promo

ქართული ღვინის მიმართ ჩინეთში ინტერესი იზრდება

თარიღი: 2015-03-26

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, 10 ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში  26 მარტს გახსნილ გამოფენაზე „China Food & Drink Fair”.

„China Food & Drink Fair”  წელს 92-ედ ტარდება და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალურ და გავლენიან გამოფენად აზიაში, რომელსაც ტრადიციულად 300 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს.

გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი ესწრება, რომელიც ჩინეთის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე შეხვედრებს მართავს ადგილობრივ იმპორტიორთა ასოციაციებისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განიხილება ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის დამკვიდრების გზები და  ბაზრის სპეციფიკური მხარეები.

„ჩინეთში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდია, რაც აღინიშნა იმპორტიორებთან და სამთავრობო დონის შეხვედრებზე. მათთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა, რომ ქართული ღვინის იმპორტიორების რიცხვი ჩინეთში გაიზრდება. ჩინეთი, და ზოგადად აზიის ბაზარი, ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზრად ითვლება, ამიტომ ღვინის ეროვნული სააგენტო  ჩინეთში მთელი წლის განმავლობაში აქტიურ მარკეტინგულ საქმიანობას ეწევა“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

მისი თქმით, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოყალიბებისთვის.

გამოფენის ფარგლებში ასევე იმართება ქართული ღვინის მასტერ-კლასები და დეგუსტაციები, რომლებსაც ღვინის საერთაშორისო სპეციალისტები და ექსპერტები უძღვებიან (Ms. Fengyee Walker; Mr. Adam Huang; Ms Debra Meiburg) . 

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გიორგი სამანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ტელეკომანია CNTV-ს და ისაუბრა ქართული ღვინის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე ჩინეთის ბაზარზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა შემდეგი ღონისძიებების ფარგლებში: Press Conference on Quality Competition of Wine World Leading Regions & Products Promotion; Meeting with China National Association for Liquor and Spirits Circulation; The 8th Communication Summit for Members of Wine Industry Forum; Forum on the Mobile Internet Upgrade of Traditional Wine Companies; Meeting with the General Office of the Fair, China Wine News and talking about "-The 92nd Food and Drinks Fair—“The New Normal of Wine Industry and the New Trend of Wine Consumption”.

წელს გამოფენაზე წარმოდგენილია შემდეგი ღვინის კომპანიები საქართველოდან: „კახური ღვინის მარანი“, „შალვინო“, „ბაგრატიონი 1882“, „შატო მუხრანი“, „არმაზი“, „კომპანია ვაზიანი“, „სარაჯიშვილი“, „მეღვინეობა ხარება“, „ბატონო“ და „ქინძმარაულის მარანი“.

გამოფენა 28 მარტს დაიხურება. 

მიმდინარე წლის თებერვალის მონაცემებით, ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-4 ადგილს იკავებს. სულ იანვარ-თებერვალში აღნიშნულ ქვეყანაში ექსპორტირებულია 217 ათასი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 64%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით. 2014 წელს ჩინეთში გაყიდვებმა 2013 წელთან შედარებით 34%-ით იმატა, რაც ინტენსიური მარკეტინგული კამპანიით იყო განპირობებული. გასულ წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული იყო 1,2 მლნ-ზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.