პორტუგალიელი ექსპერტის ვიზიტი ღვინის ეროვნულ სააგენტოში 
Header Image Promo

პორტუგალიელი ექსპერტის ვიზიტი ღვინის ეროვნულ სააგენტოში

თარიღი: 2015-03-17

ღვინის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით გერმანული პროექტის GIZ-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი მევენახეობისა და მეღვინეობის კადასტრის საკითხებში, პორტუგალიის ვაზისა და ღვინის ინსტიტუტის თანამშრომელი, ანა იზაბელ ლუჟი იმყოფებოდა. ანა ლუჟი ერთი წლის განმავლობაში იქნება სააგენტოს ექსპერტი საქართველოს ვენახების კადასტრის აგების საკითხებში.

ანა ლუჟი პორტუგალიაში ვენახის კადასტრის საკითხებზე მუშაობს და ამ მიმართულებით აქვს დიდი სამუშაო გამოცდილება. ის იცნობს ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასა და ნორმატიულ აქტებს, რომელსაც ეყრდნობიან და იყენებენ ევროკავშირის ქვეყნები და რომელთა გამოცდილების გაზიარება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, საქართველოს მევენახეობის კადასტრის აგების საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნული ვიზიტიც სწორედ ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოების გაცნობას ემსახურებოდა მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში ანა ლუჟი შეხვდა სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი სამანიშვილს და სააგენტოს სამუშაო ჯგუფს, რომელიც მუშაობს საქართველოში ვენახის კადასტრის აგების საკითხებზე.

შეხვედრებზე ანა ლუჟი გაეცნო გასულ წელს საგენტოს მიერ რაჭა-ლეჩხუმში განხორციელებულ საკადასტრო სამუშაოებს და მომავლის გეგმებს. სპეციალისტებთან განხილული იყო კადასტრის აგების და ოპერირების თეორიული ასპექტები და პრაქტიკული საკითხები. პორტუგალიელი ექსპერტი ასევე შეხვდა საქართველოში FAO-ENPARD-ის პროექტების კოორდინაციისა და მხარდაჭერის ოფიცერს საქართველოში ბატონ ხავიერ სანს ალვარესს, FAO-ს ეროვნული პროექტის მენეჯერს საქართველოში ბატონ ბექა ძაძამიას, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე შერჩეული ტოპოგრაფიული კომპანიის „რუკა მაპინგი“-ის წარმომადგენლებს. ვენახების აგეგმითი სამუშაოები რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის რეგიონში 2014 წელს კომპანიის „რუკა მაპინგი“-ის მიერ იყო შესრულებული. იგი იმყოფებოდა კახეთის რეგიონში, სადაც გაეცნო კახეთის ვენახების თავისებურებებს და გამოთქვა მოსაზრებები მათი საკადასტრო რუკებზე დატანასთან დაკავშირებით.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრამის - ვენახების კადასტრის დანერგვა 2014 წელს დაიწყო. ჩატარებული სამუშაოებიდან დადგინდა, რომ რაჭაში დღეისათვის ვენახების ფართობი შეადგენს 572,3 ჰა-ს, რომელიც 5510 ნაკვეთის სახით არის წარმოდგენილი და ეკუთვნის უმეტესად კერძო მეურნეებს. ვენახების უმეტესობა გაშენებულია ამბროლაურის რაიონში. ლეჩხუმში (ცაგერის რაიონი) დღეისათვის არსებობს 233.0 ჰა ვენახი, რომელიც 2871 ნაკვეთის სახით არის წარმოდგენილი და აქაც ეკუთვნით უმეტესად კერძო მეურნეებს. მიმდინარე წელს საკადასტრო სამუშაოები დასრულდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში და დაიწყება კახეთში, ყვარლის რაიონში.