ქართული ღვინის მორიგი წარდგენა იაპონიაში 
Header Image Promo

ქართული ღვინის მორიგი წარდგენა იაპონიაში

თარიღი: 2015-03-03

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების მე-40 საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2015” გაიხსნა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარმოდგენილია შემდეგი 6 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის პროდუქცია: „კახური“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“, „ქიმერიონი“, „თელავის ღვინის მარანი“ და „მეღვინეობა ხარება“.

გამოფენის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო.

„FOODEX JAPAN 2015“ სასიხარულო ინფორმაციით გაიხსნა - ქართული ღვინის კომპანია „ლუკასის“ ღვინომ „ჩხავერი“ იაპონიის საერთაშორისო კონკურს „საკურას“ უმაღლესი ჯილდო - „ბრილიანტი“ (Diamond Trophy) დაიმსახურა. ქართულმა ღვინომ ეს წარმატება იაპონელი ქალბატონების რჩეული ღვინოების ნომინაციაში მოიპოვა.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნულის სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გიორგი თევზაძემ და სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაცია გამართეს.

გამოფენა 3 მარტს გაიხსნა და 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. „FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი ქვეყანა და მას ათასობით ღვინის იმპორტიორი და პროფესიონალი ესწრება.

გამოფენის პირველივე დღეს ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა, ქართულ სტენდს უამრავი მნახველი და ღვინის პროფესიონალი ესტუმრა. გამოფენის ფარგლებში მოწყობილ ახალი პროდუქციის სტენდზე ცალკე ადგილი ქართულ ღვინოს ეთმობა.

აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა ქართული ღვინის პოპულარიზაციის, იაპონიის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების, ასევე დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს.

იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. თებერვლის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტირებულია დაახლოებით 40%-ით მეტი ღვინო, ვიდრე 2014 წლის იანვარ-თებერვალში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გასული წლის ბოლოს ქვევრის მწარმოებელ 8 კომპანიას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი პროდუქცია ტოკიოს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალზე წარედგინათ, რამაც მათ ახალი იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის გაზრდის საშუალება მისცა.