დისტრიბუტორები ჩინეთში ქართული ღვინის გაყიდვების მატებას პროგნოზირებენ 
Header Image Promo

დისტრიბუტორები ჩინეთში ქართული ღვინის გაყიდვების მატებას პროგნოზირებენ

თარიღი: 2015-02-18

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მაია ცქიტიშვილი ჩინეთში, ქალაქ პეკინში, ქართული ღვინის დისტრიბუტორებს შეხვდნენ.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ჩინეთის კვებისა და ფერმენტაციის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (CNRIFFI) ვიცე-პრეზიდენტის ადამ ჰუანგის (Yutong Huang Adam) მიერ და მასზე ღვინის დისტრიბუტორებმა 2014 წლის ანგარიში წარმოადგინეს, ისაუბრეს 2015 წლის გეგმებზე. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანიები ონლაინ და ოფლაინ გაყიდვებს აწარმოებენ 2012 წლიდან.

შეხვედრის მონაწილე დისტრიბუტორების პროგნოზით, 2015 წელს სააგენტოს მიერ დაგეგმილი პიარ და მარკეტინგული კამპანიის განხორციელებითა და დისტრიბუტორების უფრო მასშტაბური ძალისხმევით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქართული ღვინის გაყიდვები სავარაუდოდ 30%-ით გაიზრდება.

2014 წლისთვის ჩინეთში გაყიდვებმა წინა წელთან შედარებით 34%-ით იმატა, რაც ინტენსიური მარკეტინგული კამპანიით იყო განპირობებული. გასულ წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული იყო 1,2 მლნ-ზე მეტი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.

ქართული ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ანალიზისა და წინასწარი მონაცემების განხილვის საფუძველზე, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გამოიკვეთა, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტოს მიერ მრავალი აქტიობებია დაგეგმილი და განხორციელებული.