შეხვედრა აკრედიტირებული ლაბორატორიების ხელმძღვანელებთან 
Header Image Promo

შეხვედრა აკრედიტირებული ლაბორატორიების ხელმძღვანელებთან

თარიღი: 2015-02-17

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირების ახალი წესების ამოქმედებასთან დაკავშირებით, აკრედიტირებული ლაბორატორიების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ შემდეგი ლაბორატორიების წარმომადგენლები: შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ნორმა“, შპს „მულტიტესტი“ და შპს „ექსპერტიზა+“. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც გიორგი სამანიშვილთან ერთად ლაბორატორიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს სიახლეები და უპასუხეს მათ შეკითხვებს. სტუმრებს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით სააგენტოში მომზადებული გზამკვლევი გადაეცათ.

ახალი რეგულაციები, რომელიც უკვე ამოქმედდა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირების, საინსპექციო კონტროლის და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები უფრო ეფექტიანად და კვალიფიციურად წარმართოს. ცვლილებება ასევე იქნება ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მაღალი ხარისხის გარანტია და ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის პრევენციას.

ახალი რეგულაციების თანახმად, ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებითა და ექსპორტით დაინტერესებული მეწარმეებისთვის გამარტივდება ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები და ნაკლები დანახარჯებით მოხდება ექსპორტი. კერძოდ, მეწარმეები განახორციელებენ პროდუქციის ერთი მთლიანი ლოტის ერთჯერად შემოწმებას და აღარ იქნება საჭირო ამ ლოტიდან ყოველი სარეალიზაციო პარტიის ხელახალი ლაბორატორიული და სადეგუსტაციო შემოწმება.

აღნიშნული საკითხისადმი დიდი ინტერესიდან გამომდინარე, გზამკვლევი განთავსდა სააგენტოს ვებ-გვერდზე შემდეგ მისამართზე: http://georgianwine.gov.ge/geo/text/183/

ფოტო გალერეა