სამუშაო ვიზიტი უნგრეთში 
Header Image Promo

სამუშაო ვიზიტი უნგრეთში

თარიღი: 2015-02-11

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში, სამუშაო ვიზიტით უნგრეთში იმყოფებოდა. დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში და უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ისტვან ნაგისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს.

შეხვედრებზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფი და ეფექტიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უნგრეთის გამოცდილების გაზიარება. ქართული და უნგრული მხარე არაერთი მიმართულებით ნაყოფიერად თანამშრომლობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაც 2015 წლის მეორე ნახევარში დამტკიცდება. აღნიშნული ჯგუფის მუშაობა ფოკუსირებული იქნება სასოფლო-სამეურნეო დარგში თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმების შექმნაზე. კერძოდ: მიწის რეფორმირება და მიწის რესურსების მენეჯმენტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბრენდინგი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიკვლევადობის სისტემის დანერგვაში უნგრეთის გამოცდილების გაზიარება.

ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დაიგეგმება დისკუსიები და სასწავლო ტურების ორგანიზება უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიწის რეგულირების კანონთან დაკავშირებით. უნგრეთში გამართულ ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაზა კანდელაკი.

ფოტო გალერეა