ქართული ღვინო საფრანგეთში 
Header Image Promo

ქართული ღვინო საფრანგეთში

თარიღი: 2015-02-01

საფრანგეთის ქალაქ სომურში 1 თებერვალს ბუნებრივი ღვინოების გამოფენა ‘’La Dive Boutteille” გაიხსნა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც მონაწილეობენ. ორდღიან მასშტაბურ გამოფენაზე ქართული კომპანიები „ოქრო ღვინო“, „მეღვინეობა ნიკი ანთაძე“ და „იბერიელის“ ექვსი დასახელების ღვინოა წარმოდგენილი.

აღნიშნული გამოფენა უკვე მე-16-ედ ტარდება და 2 დღის განმავლობაში მას ათასობით სტუმარი - ღვინის იმპორტიორები, სომელიეები, მწერლები და ღვინის პროფესიონალები - ესწრება. გამოფენა ტრადიციულად ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი კომპანიის „Ackerman” კუთვნილ ისტორიულ ნაგებობაში ტარდება.

გამოფენის ფარგლებში ფრანგი დოკუმენტალისტის ფილიპ გასნიეს (Pillipe gasnier) ფილმის "ღვინის სათავეებთან" პრემიერა გაიმართა, რომელიც ქართული მეღვინეობის 8 ათასწლიან ისტორიას მოგვითხრობს.

ქართული ქვევრის ღვინოები საფრანგეთის ქალაქ ანჟეში 31 იანვარს და 1 თებერვალს ჩატარებულ გამოფენაზე „Les Penitentes” მსოფლიოს მეღვინეობით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნების გვერდით იყო წარმოდგენილი, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიების „იაგოს ღვინო“, „ხოხბის ცრემლები“, „ალავერდის მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“ და „მანდილის“ ღვინოები.

ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიები აღნიშნულ გამოფენებზე უკვე მეოთხედ მონაწილეობენ. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულმა წლებმა მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა, რამაც შესაბამისად ღვინის ექსპორტის ზრდა გამოიწვია.

‘’La Dive Boutteille” და „Les Penitentes” საფრანგეთში ითვლება წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები და ესწრებიან.

მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობით იზრდება ქართული ღვინის ცნობადობა და პოპულარიზაცია, რაც შესაბამისად ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების ზრდას იწვევს.