ღვინის სექტორში თანამშრომლობის მეორე ფორუმი 
Header Image Promo

ღვინის სექტორში თანამშრომლობის მეორე ფორუმი

თარიღი: 2015-01-22

22-23 იანვარს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობა) ორგანიზებით, ღვინის სექტორში თანამშრომლობის ფორუმი იმართება.

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩო-პირობების სამომავლო ცვლილების გათვალისწინებით, ფორუმზე განიხილება საქართველოს ღვინის სექტორის განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები: ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პირობები, ქვევრის ღვინის გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები, კვალიფიკაციისა და ცოდნის ამაღლება ღვინის სფეროში.

ორდღიან ფორუმში მეღვინეობის დარგის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

ფორუმის მონაწილეებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მიესალმა და მოხსენება წაიკითხა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გავლენაზე ქართული ღვინის ექსპორტზე.

„ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ვაჭრობის კუთხით ფაქტობრივად არ გააჩნია სატარიფო ბარიერები ევროკავშირის ქვეყნებთან. ქართულ ღვინოს ამით ევროპულ ბაზრებზე ექსპორტის უფრო დიდი პერსპექტივები უჩნდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ფორუმზე მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების 2015 წლის პოლიტიკა და გეგმები წარმოადგინა. მან ასევე გასული წლის მიღწევებსა და შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, რაც პირდაპირ აისახა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მაჩვენებლებზე.

„სააგენტო დიდი აქცენტს აკეთებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე. მზარდია ქვევრის ღვინის ექსპორტიც, ე.წ. ბუნებრივი ღვინის სეგმენტი, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე თავისი მომხმარებელი ჰყავს“, აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

სააგენტოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ GIZ-თან თანამშრომლობა აქტიური და პროდუქტიული იქნება.

ფორუმის მუშაობის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი მონაწილეობდა.

GIZ-ის პირველი ფორუმი 2014 წლის აპრილში ჩატარდა, სადაც გადაწყდა, რომ მხარეებს შორის უწყვეტი დიალოგის გამართვის მიზნით, მსგავსი შეკრებები ჩატარებულიყო წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა