ქართული ღვინის მორიგი პრეზენტაცია პოლონეთში 
Header Image Promo

ქართული ღვინის მორიგი პრეზენტაცია პოლონეთში

თარიღი: 2014-12-18

ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი სომელიეები, ღვინის თემაზე მომუშავე ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ღონისძიების ორგანიზატორი პოლონური კომპანია ,,Vinisfera’’ იყო. ამ ორგანიზაციის თაოსნობით, მიმდინარე წელს პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართა.

პოლონეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს აღნიშნულ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. ეს ქვეყანა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2014 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,4 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

კრაკოვში 17 დეკემბერს გამართული ქართული ღვინის დეგუსტაცია ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ფონზე გაიმართა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ღვინოსთან ერთად ქართული კერძებიც დაეგემოვნებინათ. აღნიშნული ღონისძიების შესახებ სპეციალური გადაცემა კრაკოვის რადიოში მომზადდება და გავა ეთერში.

კრაკოვის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი” (ჭაჭა, Reserve, 10 ქვევრი სატრაპეზო), “ქიმერიონი” (ალაზნის ველი - წითელი, ალაზნის ველი - თეთრი), “შუმი” (მუკუზანი, ახაშენი), “ხარება“ ( საფერავი, ციცქა), “შატო მუხრანი” (თავკვერი, Sovinion blani), “ამირან ვეფხვაძის მარანი” (კრახუნა), “შუხმანი“ (საფერავი),ზურაბ თოფურიძის „იბერიელი“ (ჩხავერი), “არჩილ გუნიავას მარანი” (კვალითი).