ყურძენი ღვინის კომპანიებს 4 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა 
Header Image Promo

ყურძენი ღვინის კომპანიებს 4 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა

თარიღი: 2017-09-16

16 სექტემბრის 10.00 საათის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 39,6 ათას ტონამდე ყურძენი. 

მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 45,6 მლნ ლარს მიაღწია.

ამ ეტაპისთვის ყურძენი ღვინის კომპანიებს 4 300-მა მევენახემ ჩააბარა.

მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 16 ათასი ტონა რქაწითელი, 20 ათასი ტონა საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,8 ათას ტონას გადააჭარბა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ რთველი კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაშია.

 ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 170 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 90. 

  მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501. რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.