ქართული ღვინის დეგუსტაცია ამსტერდამში გაიმართა 
Header Image Promo

ქართული ღვინის დეგუსტაცია ამსტერდამში გაიმართა

თარიღი: 2017-08-07

 ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი სომელიეები, ჟურნალისტები და ღვინის მწერლები დაესწრნენ. 

   როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.

  „დასავლეთ ევროპელი სომელიეები ზოგადად დაინტერესებულნი არიან ჩვენი ღვინოებით. მათ უნდა შეისწავლონ ჩვენი ქვეყანა, ღვინო და სამზარეულო, რათა კომპეტენტურად ურჩიონ ქართული ღვინო თავიანთ მომხმარებელს. ამსტერდამში გამართული დეგუსტაციის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვა ჰოლანდიელ სომელიეთა ჯგუფი, რომლლის წევრებიც ჰოლანდიის სომელიეთა გილდიამ შეარჩია. ჩვენ მოხარულები ვართ ჰოლანდიის სომელიეთა გილდიასთან თანამშრომლობით, რომელიც სერიოზულადაა  დაინტერესებული ჩვენი ღვინოებით,” - განაცხადა ირაკლი ჩოლობარგიამ.

  მისი თქმით, სწორედ აღნიშნული ინტერესის გათვალისწინებით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ჰოლანდიაში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს. 

 ამსტერდამში გამართულ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების 12 სახეობის ღვინოები: „გოცას ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ბაგრატიონი 1882“, „კონჭო და კომპანია“ და „თბილღვინო“. სომელიეებმა განიხილეს სხვადასხვა ქართული ღვინოების შეხამება სხვადასხვა კერძთან.  გამარჯვებული ღვინისა და კერძის შეხამება გახდა - გარეული ბატის კერძი და 2014 წლის „ქვევრის საფერავი სატრაპეზო“ (თელავის ღვინის მარანი).