ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 6 თვის მონაცემები 
Header Image Promo

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 6 თვის მონაცემები

თარიღი: 2017-07-05

  2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.   საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 70,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

  „2017 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59%-ით გაიზარდა. 51%-ით მოიმატა ღვინის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა, გაზრდილია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია. ექსპორტი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და სხვა  ბაზრების მიმართულებით, რაც  ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის შეთანხმებული საქმიანობისა და ერთობლივად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. 

    ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 104% (3 842 412), რუსეთი - 89% (19 313 343), უკრაინა - 30% (2 983 000), პოლონეთი - 13% (1 212 704), ლატვია - 19% (685 508), ბელარუსი - 43% (660 674), გერმანია - 20% (200 440), აშშ - 43% (176 274), ისრაელი - 150% (105 710), საფრანგეთი - 457% (95 530),  აზერბაიჯანი - 241% (87 402) და სხვა.  

  ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 19 313 343, ჩინეთი - 3 842 412, უკრაინა - 2 983 000, პოლონეთი - 1 212 704 და ყაზახეთი -1 163 827  ბოთლი.  

  ამასთან, მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 858 734 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 85%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  16 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  88%-ს აღწევს.

   საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 89 910  ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 110% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  245,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან  შედარებით 52%-ს მიაღწია.

   მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 122,14 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 56% შეადგინა.