ჰოლანდიელი იმპორტიორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება 
Header Image Promo

ჰოლანდიელი იმპორტიორების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება

თარიღი: 2017-06-22

 ქართული ღვინის ჰოლანდიაში პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოს ჰოლანდიელი იმპორტიორები და ჟურნალისტები ეწვიენ,  ჰოლანდიური კომპანია  „Saperavi Wine Agency“-ის დირექტორის ბერნარდ ნაუტას (Bernard Nauta) ხელმძღვანელობით.

 როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია აღნიშნავს, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.

„სწორედ ამის გათვალისწინებით, წლის დასაწყისში ხელშეკრულება გავაფორმეთ ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ახორციელებს ქართული ღვინის იმპორტს ჰოლანდიაში და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ახორციელებს  სხვადასხვა ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ამ ტურის ფარგლებში რამდენიმე კომპანიასთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რაც არის საფუძველი, რომ მომავალში ქართული ღვინის ექსპორტი ჰოლანდიაში გაიზრდება“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ. 

ჰოლანდიელმა სტუმრებმა ტურის ფარგლებში ქართული ღვინის კომპანიები ქართლსა და კახეთში მოინახულეს და ადგილზე დააგემოვნეს შემდეგი კომპანიების პროდუქცია: "შუმი", „თბილღვინო“, „გოცას ღვინოები“, „ხოხბის ცრემლები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ფაფრის ველი“, „კონჭო და კომპანია“. ქართული ღვინის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრმა ვიზიტის გახანგრძლივება გადაწყვიტა და ისინი ასევე ეწვევიან კომპანიებს „ძმების მარანი“ და „ბოლნური“.

ფოტო გალერეა