WinExpo Georgia 2017 
Header Image Promo

WinExpo Georgia 2017

თარიღი: 2017-06-09

ივნისს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „WinExpo Georgia 2017“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2017 საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ 9-11 ივნისს ტარდება. უკვე 10 წელია გამოფენის ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორებს, ღვინის საერთაშორისო ექსპერტებს, მეწარმეებს და მცირე მარნების წარმომადგენლებს გამოფენაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia ყოველწლიურად უფრო პოპულარული, ხოლო მასში მონაწილეობა უფრო პრესტიჟული ხდება. ,,საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის ნაწილი, ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ქართულმა ღვინომ მსოფლიო აღიარება უკვე მოიპოვა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, მოხდეს ბაზრების დივერსიფიკაცია და ექსპორტის ზრდა. ბოლო წლებში ქვეყანაში ღვინის სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენციის არსებობას და ქართული ღვინისადმი გაზრდილ ინტერესს აღნიშნული გამოფენა ნათლად ადასტურებს - მონაწილეთა და ვიზიტორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ამასთან, გამოფენის პარალელურად ტარდება ღვინის კონკურსიც, რომელსაც ესწრებიან მსოფლიოში ცნობილი ღვინის მაგისტრები და წამყვანი სპეციალისტები, რაც ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გამოფენის სტუმრებს სიტყვით მიმართეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩოგოვაძემ და საგამოფენო ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ. წელს, WinExpo Georgia 2017-ში 97 კომპანია სხვადასხვა სახის 170-ზე მეტი სახის ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელს წარმოადგენენ. გამოფენაში 11 ქვეყანა - საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ბელგია, კვიპროსი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში საკუთარი სტენდი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სადაც ცენტრის ჯიღაურას სადემონსტრაციო-კვლევით ბაზაზე გაშენებული ქართული იშვიათი და უნიკალური ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარმოადგინა. საკუთარი წარმოების ღვინოები წარმოადგინეს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის სტუდენტებმაც. გამოფენის პარალელურად 9-10 ივნისს ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი იმართება. კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს 10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე გამოავლენენ და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადაეცემათ. გამორჩეულ ღვინოს უმაღლესი ჯილდო გადაეცემა. წელს კონკურსის ჟიურის წევრები იქნებიან: ტიმ ატიკინი - თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო). WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. 10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი. WinExpo Georgia ხელს უწყობს ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას და პროდუქციის რეალიზაციის ზრდას. გამოფენის ფარგლებში იმართება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარების და აპარტურის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.

 

ფოტო გალერეა