„ქარვისფერი ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევა 
Header Image Promo

„ქარვისფერი ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევა

თარიღი: 2017-05-22

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო სახელწოდებით „ქარვისფერი ღვინო“,   OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.

   ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული მხარის ამ მიმართვას OIV-ის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 

 „ეს სიახლე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ტრადიციული ღვინოების პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

  მისი თქმით, ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში არის სულ 7 ღვინო -  შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული (ხერესის ტიპი). 

   შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართული „ქარვისფერი ღვინო“ OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.