საქართველო ბორდოში ღირსეულად წარსდგება 
Header Image Promo

საქართველო ბორდოში ღირსეულად წარსდგება

თარიღი: 2017-05-18

 საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში დაგეგმილი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები ბორდოსა და პარიზში გაიმართა. 

 საქართველოს მხრიდან შეხვედრებში  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე მონაწილეობდნენ.

  ქართული მხარის წარმომადგენლები საფრანგეთში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ აცხადებენ, რომ საქართველო ბორდოს გამოფენაზე ღირსეულად წარსდგება, რის საფუძველსაც ამ მიმართულებით ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები იძლევა.

  ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში საქართველოსადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა 2017 წელს გაიხსნება. საქართველო იქნება პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ ცენტრში მევენახეობა-მეღვინოების გამოფენათა ციკლს გახსნის და რამდენიმე თვის განმავლობაში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის მასპინძლის საპატიო სტატუსს ატარებს. 

  გამოფენის გახსნა მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს იგეგმება.  გამოფენის პარალელურად გაიმართება დეგუსტაციები, კონფერენციები, ფილმების ჩვენებები, სემინარები და სხვა კულტურული ღონისძიებები, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს გაიცნოს ქართული ღვინო და ქართული ღვინის კულტურა და ისტორია.

მასშტაბური კომპლექსი - ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი, 2016 წლის 31 მაისს საზეიმოდ გაიხსნა. 14 ათას კვადრატულ მეტრზე გაშლილი ცენტრი, თანამედროვე არქიტექტურითა და ტექნოლოგიებითაა გამორჩეული.