he 96th China Food & Drinks Fair 
Header Image Promo

he 96th China Food & Drinks Fair

თარიღი: 2017-03-28

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა - The 96th China Food & Drinks Fair გაიმართა, რომელშიც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობდა.

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე დაესწრო. მისი თქმით, გამოფენის პირველ დღეს დაფიქსირდა გამოფენის არსებობის მანძილზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა - 250 ათასი ადამიანი. 

„გამოფენაზე ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა  შეხვედრები გამართეს როგორც უკვე არსებულ პარტნიორებთან, ასევე პოტენციურ იმპორტიორებთან. გამოფენის მიმდინარეობის დროს გაფორმდა ახალი ხელშეკრულებები. აღნიშნული გამოფენა ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. ის არის საუკეთესო შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინო უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე“ - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

მიმდინარე წლის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების ღვინოები: შპს „ქინძმარაული“, „ბესინი“, „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, “თელიანი ველი”, „ქართული ღვინის სახლი“, „ტყუპების ღვინის სახლი“, „შატო მუხრანი“, „შალვინო“, „მეღვინეობა ხარება“, „ტიფლისკი ვინნი პოგრები“, „ვაზიანი კომპანი“, „კახური“, „მარანული“, „სარაჯიშვილი“, „შილდა“, „ბატონო“, „ბაგრატიონი 1882“, „ვაინმენი“,  „შუხმანის ღვინოები“, „თიგიშვილის ღვინის კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „გურემანი“, „მილდიანი“, „კახური ღვინის მარანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და „GWS”.

ჩენგდუს გამოფენა განსხვავებულია თავისი ფორმატით და ტარდება ორ ეტაპად.  პირველი ტარდება სასტუმროს რესტორანში, რომელსაც მხოლოდ კომერციული პირები ესწრებიან: იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლები, ხოლო მეორე ეტაპი უკვე საგამოფენო სივრცეში იმართება.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 832 552 ბოთლი ღვინო, რაც 280%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ჩინეთი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს.

 

ფოტო გალერეა