ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი საუკეთესოდ აღიარეს 
Header Image Promo

ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი საუკეთესოდ აღიარეს

თარიღი: 2016-12-21

ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილმა წიგნმა „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ნომინაციაში - „ღვინოზე დაწერილი წლის საუკეთესო წიგნი“ - გაიმარჯვა.

ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის (For The Love of Wine: My Odyssey through the World’s Most Ancient Wine Culture’) პრეზენტაცია ნიუ-იორკში მიმდინარე წლის ნოემბერში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW New York-ის ფარგლებში გაიმართა და ღვინის პროფესიონალების დიდი ინტერესი დაიმსახურა.  

 „ქართული ღვინის დიდი ისტორია შესანიშნავადაა გადმოცემული მისი ღირებულებების ღრმა შეფასებით, გამოწვევებითა და ღვინის კულტურის მნიშვნელობით. ყველა, ვისაც ღვინის მიმართ ინტერესი აქვს, შეიყვარებს ამ წიგნს“ - აღნიშნა გურმანების სამზარეულო წიგნების მსოფლიო დაჯილდოების ჟიურის თავმჯდომარემ, ედუარდ ქონთრიუმ. აღნიშნული ღონისძიება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ტარდება.

ფრაგმენტები ფეირინგის წიგნიდან 2016 წლის ზაფხულში  ჟურნალ New York Times-ში გამოქვეყნდა. ავტორი თავის გამოცემაში აღნიშნავს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და მაღალი ხარისხის “ქარვისფერი” ღვინის შემქმნელი, რომელიც დამსახურებულად ამაყობს 8 ათასწლიანი რთველის ისტორიით. „ქართულ ღვინოში დიდი სულიერებაა, მე ვფიქრობ ღვინო ქართველების სიამაყეა, ქართველებს დიდი რწმენა აქვთ, უფლის რწმენა, ყურძნის რწმენა, ღვინის რწმენა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართული ღვინო ქართული სულის გამოძახილია” - მიიჩნევს ავტორი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს მიმდინარე წლის გაზაფხულზე სტუმრობდა.