ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ანგარიში წარადგინა 
Header Image Promo

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში ანგარიში წარადგინა

თარიღი: 2016-12-09

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. 

სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის პოპულარიზაცია, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტო თავის აქტივობებს  სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მუდმივი კონტაქტის, ასევე მეღვინეობის სფეროში მოქმედ სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში ახორციელებს.

სააგენტოს ხელმძღვანელმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გელა სამხარაულის განცხადებით, - დარგში ზოგადად კარგი მდგომარეობაა და სამომავლო პერსპექტივებზეც შეიძლება საუბარი, თუმცა მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მეღვინეობის განვითარების გზა, რა ნიშა უნდა დავიკავოთ როგორც მსოფლიო ბაზარზე, ასევე ქვეყნის შიგნით. მისი აზრით, ხელი უნდა შეეწყოს პატარა მეურნეობების შექმნას მათი მრავალფეროვნებიდან და სხვადასხვა ხარისხობრივი თვისებებიდან გამომდინარე. გელა სამხარაულის აზრით, ამისათვის ახალი მექანიზმებია ასამოქმედებელი.

„ჩვენი მეღვინეობის მომავალი მე ასე წარმომიდგება - იყოს ბევრი, პატარ-პატარა კომპანია, საოჯახო მეურნეობები, რომლებიც აწარმოებენ თავიანთ უნიკალურ პროდუქციას. არ შეიძლება სახელმწიფო მუდმივად სუბსიდიას იხდიდეს, ეს იყო არასწორი მიდგომა წლების განმავლობაში და ჩვენ ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ ამ მახინჯი ფორმიდან, სადაც წახალისებულია რაოდენობა და არა ხარისხი. თუ ხარისხი არ გავაუმჯობესეთ, რაოდენობით ვერავის ვაჯობებთ. მიმაჩნია, რომ დამატებით რაღაც პროგრამაა შესაქმნელი სწორედ ასეთი მცირე მეურნეობების ხელშეწყობისათვის და მეტი ძალისხმევაა საჭირო ამ მიმართულებით“ - განაცხადა გელა სამხარაულმა.

კომიტეტის სხდომის შედეგების შეფასებისას, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ თავისთავად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ოთხი არასრული წლის მანძილზე უკვე 525 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. ამ ოთხი წლის მანძილზე ქართველი მევენახეების, გლეხების ოჯახებში ნახევარ მილიარდამდე ლარის შემოსავალი შევიდა. მისი თქმით, ეს უკვე იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანამ ახალი მიმართულებით გადადგას ნაბიჯი - მევენახეობა იყოს რაც შეიძლება ნაკლებად სუბსიდირებული, ინდუსტრია განვითარდეს და დარგი გახდეს მდგრადად განვითარებადი.

„გვესმის, რომ სუბსიდია არ არის სწორი ფორმა, მაგრამ დღემდე იგი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა. სახელმწიფო ყველაზე ნაკლებად უნდა ჩაერიოს იქ, სადაც არ არის ამის აუცილებლობა, განსაკუთრებით მეღვინეობაში. ამასთანავე, აუცილებელია შეფასდეს ის გარემოება, რომ დღეს მევენახეობა უკვე არის წარმატებული დარგი, ქართული მევენახეობა არის პოპულარული, მათ შორის მცირე მარნები, რომელთა რაოდენობა გაზრდილია 50-ჯერ. ამ მიმართულებით უნდა მოხდეს ხელშეწყობა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ფასდაუდებელია ღვინის ეროვნულ სააგენტოს საქმიანობა. „შესაძლოა ეს იქცეს კიდევაც კარგ სახელმძღვანელოდ სხვა პროდუქტების ხელშეწყობის და პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს, ვინაიდან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამები ითვალისწინებს სწორედ კონკურენტუნარიანობის მაქსიმალური ხელშეწყობის პირობებში ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ტურიზმის თვალსაზრისით და მათ შორის, მეღვინეობის ტურიზმი არის ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება და ამ მხრივ ხელშეწყობა უნდა გაგრძელდეს, ხელშეწყობა პარლამენტის მხრიდანაც იქნება მისი კომპეტენციის ფარგლებში.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შესაბამისად დაჩქარდება მუშაობა ვაზისა და ღვინის შესახებ ახალ კანონპროექტზეც. „საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოხდება მისი გათანამედროვება, ვინაიდან ჩვენს მევენახეობას და მეღვინეობას სჭირდება ახლებური მიდგომები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, გვჭირდება თანამედროვე კანონმდებლობა, რომელიც თავსებადია დღევანდელ სამყაროსთან“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

2016 წელი მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მიმართულებით: ღვინის ექსპორტის ზრდა, რაც მიღწეული იყო ბაზრების დივერსიფიკაციის ხარჯზე, რთველის ორგანიზებულად ჩატარება, ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების ღონისძიებები. 

ღვინის ექსპორტის ზრდას ხელი იმ მარკეტინგულმა ღონისძიებებმა შეუწყო, რასაც 2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო ახორციელებს კერძო სექტორის ჩართულობით. 

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე. ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ს და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთში ზრდამ შეადგინა- 128% (4 886 145 ბოთლი),  უკრაინა - 73% (5 179 454), ბელარუსი - 62% (1 060 806), რუსეთი -  48% (24 914 877), პოლონეთი - 47% (2  123 500), ესტონეთი - 37% (588 450), კანადა 30% (198 456), აშშ - 27% (294 382), დიდი ბრიტანეთი -25% (87 428), ლატვია 15% (1 139 706),  იაპონია - 14% (144 126), ყირგიზეთი - 9% (202 666), გერმანია - 4% (270 176) და სხვა.  მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 31% შეადგინა.

ქართული ღვინო წარდგენილი იყო ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენასა და დეგუსტაციებზე მსოფლიოს  11 ქვეყანაში და  საქართველოში. (აშშ, ჩინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი).

აღსანიშნავია ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებული რთველი-2016. სულ გადამუშავდა - 115 252 ტონა ყურძენი, მოსახლეობის შემოსავლებმა - 101,1 მლნ ლარი შეადგინა, ღვინის კომპანიებს ყურძენი ჩააბარა 18 875 მევენახემ; კახეთში ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 178, რაჭა-ლეჩხუმში 24 კომპანია. მევენახეებზე გაცემულმა სუბსიდიამ 34, 55 მლნ ლარი შეადგინა; მიმდინარე წელს შემცირდა სახელმწიფო კომპანიის მიერ გადამუშავებული ყურძნის წილი მთლიან მოცულობაში - სს „აკურას“  მიერ გადამუშავდა საერთო რაოდენობის 27 %, რაც უკანასკნელი 3 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

ასევე ხორციელდება შემდეგი მნიშვნელოვანი პროგრამები: 

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების უწყებრივი კადასტრის პროგრამის განხორციელება 2014 წელს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან დაიწყო. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოწესრიგებისათვის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დაგეგმისთვის, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის კონტროლირებისათვის, ზოგადად - მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის. 2015 წელს პროგრამა განხორციელდა ყვარლის მუნიციპალიტეტში. 2016 წელს საკადასტრო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, რაც მოიცავს იორთოფოტოებს გადაღებას, საკადასტრო რუკების მომზადებას, ინფორმაციის შეკრებას მევენახეების შესახებ, ვენახების იდენტიფიკაციას და ვექტორიზაციას.

მეორე პროგრამაა ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა, რომლის მიზანიც საქართველოს, როგორც მევენახეობისა და მეღვინეობის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის წარმოჩენა და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ჩვენება ქართველი და უცხოური ინსტიტუტებისა და მკვლევარების ერთობლივი კვლევების შედეგად. ამ მიმართულებით 2016 წელს ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით, მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა ქართული ვაზისა და ღვინის კულტურისა და ისტორიის მეცნიერული შევსებისა და გამდიდრებისთვის: განხორციელდა არქეოლოგიური ექსპედიციები „გადაჭრილ გორასა“ და „შულავერის გორაზე“, მოპოვებული ნიმუშები შემდგომი კვლევებისთვის გადაგზავნილია მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტში და სხვა.

 

ფოტო გალერეა

ვიდეო გალერეა