ჩინეთის 70-მილიონიანი ჰუნანის პროვინციის ბაზარი ქართული ღვინისთვის იხსნება 
Header Image Promo

ჩინეთის 70-მილიონიანი ჰუნანის პროვინციის ბაზარი ქართული ღვინისთვის იხსნება

თარიღი: 2016-11-15

ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 მილიონიანი მოსახლეობის ჰუნანის პროვინციაში იწყება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი სამანიშვილი ჰუნანის პროვინციის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ჩანშაში სავაჭრო ცენტრის გახსნაზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. აღნიშნულ ცენტრში ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი.

„70 მილიონიანი ჰუნანის პროვინციის დედაქალაქ ჩანშაში, ჩინეთში სიდიდით მესამე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, სადაც ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი. ჩანშაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გავმართეთ პროვინციის ვიცე-გუბერნატორთან, ასევე სავაჭრო ცენტრის კომერციულ დირექტორთან, სადაც განხილული იყო ქართული ღვინის პერსპექტივები აღნიშნულ პროვინციაში. ჰუნანის პროვინციის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინის იმპორტით და ამ მიზნით, მომავალი წლის დასაწყისში ვიზიტით ეწვევიან საქართველოს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში მდებარე ღვინის ცენტრში (ბირჟა) ასევე გაიხსნა ქართული ღვინის სივრცე, სადაც ამ ეტაპზე წარმოდგენილია 10 ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია. სამანიშვილის განცხადებით,  იგეგმება სამომავლო ღონისძიებები, რათა აღნიშნულ ცენტრში კიდევ უფრო მეტი ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი.

„შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების,  კერძოდ, ჩინეთში ქართული ღვინის გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მიმდინარე წლის 27 ივლისს, შანხაიში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „Silk Road Chamber of International Commerce”-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ცენტრში (Shanghai Free Trade Zone Wine Exchange Center) ქართული ღვინის ეროვნული კუთხის მოწყობას.  

ქართული ღვინო გასულ კვირას ასევე წარმოდგენილი იყო შანხაიში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე - „Prowein China 2016“. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში საქართველოდან ღვინის მწარმოებელი 30 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაცია ღვინის იმპორტიორებისა და მედია წარმომადგენლებისთვის, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. დებრა მეიბურგის ორგანიზებით შანხაიში  „Wine In China Conference”-ის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. 

 

ფოტო გალერეა