რთველი 2016-ის შეჯამება 
Header Image Promo

რთველი 2016-ის შეჯამება

თარიღი: 2016-10-19

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სამინისტროს შესაბამის სამსახურებს რთველის წარმატებულად ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

მთავრობის სხდომის შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას რთველი 2016-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

„რთველი მთელ საქართველოში, ფაქტობრივად, დასრულდა. უმნიშვნელოვანესია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ რთველი 2016 ჩატარდა ისე, რომ არც ერთ მევენახეს არც ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ჰქონია. რთველის მიმდინარეობის პროცესში ადგილი არ ჰქონია არანაირ ექსცესს, შეფერხებას ან პრობლემას. შესაბამისად, რთველი 2016 შეგვიძლია წარმატებულად შევასაფოთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში მეღვინეობა-მევენახეობის ხელშეწყობის შედეგად, მოთხოვნა გაზრდილია უნიკალურ ქართულ ჯიშებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის თვალსაზრისით. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვახდენთ მარკეტინგული ღონისძიებების ინტენსიურ დაფინანსებას, რის შედეგადაც, ღვინის ექსპორტი ინარჩუნებს მზარდ ტენდენციას, მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია, რაც იძლევა იმის წინაპირობას, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი მუდმივად გავითარდეს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა და ხაზი გასუვა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა „სახვანჭკარე“ ჯიშების ყურძნის - მუჯურეთულისა და ალექსანდროულის ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის ღონისძიებებს.

პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ წარმატებულად და ორგანიზებულად მიმდინარეობს სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის აღება. 

„ბოლო წლებში მოსავლის დაბინავების კუთხით ღირებულებათა ჯაჭვში ხდება იმ ელემენტების გაძლიერება, რომელიც მოსავლის დაბინავების პრობლემებს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს. საუბარია საწარმოო სიმძლავრების მნიშვნელოვან ზრდაზე და დამატებით წახალისების იმ მექანიზმებზე, რომელიც სახელმწიფომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე შექმნა. შემდეგომ ეტაპზე ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები - მიწის კონსოლიდაციის, მევენახეთა კონსოლიდაციის და კოოპერაციის წახალისების, რომელიც თვისობრივად ახალ ხარისხობრივ დონეზე გადაიყვანს როგორც მოსავლის შემდგომ დაბინავებას, ისე საერთოდ დარგში მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მიმდინარე წელს კახეთისა და რაჭის რეგიონებში 114 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. ღვინის კომპანიებს ყურძენი 19 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია. (დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე http://rtveli2016.gov.ge/new/12991)

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემოდა: რქაწითელსა და კახური მწვანეზე - 1 კგ - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ - 0,20 ლარი; მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ - 2 ლარი. 

კახეთისა და რაჭის მევენახეებს ამ დროისთვის სუბსიდიის სახით უკვე მიღებული აქვთ 22,5 მლნ ლარი.