რთველი 2016-ის შეჯამება 
Header Image Promo

რთველი 2016-ის შეჯამება

თარიღი: 2016-10-19

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2016 წლის რთველის შედეგები შეაჯამა.

მიმდინარე წელს კახეთისა და რაჭის რეგიონებში  114 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.  ღვინის კომპანიებს ყურძენი19 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია. 

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 113,5  ათასი  ტონა ყურძენი. მთლიანობაში კახეთის რეგიონის მევენახეების შემოსავალმა შეადგინა 97 მლნ ლარზე მეტი.

მუნიციპალიტეტების მიხედვით: გურჯაანი - 35,8 ათასი ტონა; თელავი - 29,2 ათასი ტონა; ყვარელი - 22 ათასი ტონა; საგარეჯო - 9,6 ათასი ტონა; სიღნაღი - 7,1 ათასი ტონა; ახმეტა - 5 ათასი ტონა; ლაგოდეხი - 2,8 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2 ათასი ტონა; გადამუშავებულია  65 ათასი ტონა რქაწითელი, 42 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და 3,5 ათასი ტონა სხვა ყურძნის ჯიშები. 

2016 წელს რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებული 195 კომპანიიდან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობდა 178 კომპანია. სახელმწიფო საწარმო  სს „აკურას“  მიერ გადამუშავებულია  საერთო გადამუშავებული რაოდენობის 27%, რაც უკანასკნელი 3 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

რაჭაში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობდა 24  კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანია. სულ გადამუშავდა 513 ტონა ყურძენი: „სახვანჭკარე“ ჯიშები ალექსანდროული და მუჯურეთული - 497 ტონა, სხვა ჯიშები - 16 ტონა. 

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად რაჭის  მევენახეების შემოსავალმა   2,5 მილიონი ლარი შეადგინა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემოდა: რქაწითელსა და  კახური მწვანეზე - 1 კგ -  0,45 ლარი;  საფერავზე -  1 კგ - 0,20 ლარი; მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ - 2 ლარი. 

კახეთისა და რაჭის მევენახეებს ამ დროისთვის  სუბსიდიის სახით  უკვე მიღებული აქვთ 22,5 მლნ ლარი.