ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება 
Header Image Promo

ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის დაჯილდოება

თარიღი: 2016-10-02

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ღვინის მწარმოებელი კომპანიების, მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ წელს, ქართული ღვინის კვირეული წარმატებით ჩატარდა და მის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. 

,,სასიამოვნოა, რომ ღვინის კვირეული ქართული ღვინის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. მინდა მადლობა გადავუხადო სომელიეთა ასოციაცის პრეზიდენტს, რომლის ინიციატივითაც აღნიშნული კონკურსი 3 წლის წინ დაარსდა და ტრადიციად იქცა. სახელმწიფო ყოველთვის იქნება მხარდამჭერი იმ მნიშვნელოვანი წამოწყებების, რომლებიც ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას. მისასალმებელია, რომ ინტერესი ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის მიმართ დღითიდღე იზრდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საზეიმო მიღებაზე ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის ფარგლებში, 15 ნომინაციაში გამარჯვებულ კომპანიებს სპეციალური დიპლომები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟუირის წევრებმა გადასცეს. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“ მესამე წელია ატარებს. კონკურსის ჟიურის წევრები პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები და ღვინის პროფესიონალები არიან. წლევანდელი კონკურსის ჟურის წევრები იყვნენ: ირმა ჭანტურია, ნინო მაისურაძე, თამთა ჭავჭანიძე, თინათინ ჯაჯანიძე, ეკატერინე ბუხრაძე, ლევან მეხუზლა, ფრანჩესკო კასტელი, მაგდა სურგულაძე, დავით მაჭავარიანი, გიორგი ბარისაშვილი, მარიამ ხომასურიძე, ირაკლი ნანეიშვილი, მარიაკა მიქიაშვილი, გიორგი დარსიმელია, დარეჯან დარაშვილი, ვანო შიუკაშვილი, გიორგი თევზაძე, ბონდო კალანდაძე, ვასილ სიხარულიძე, ზურაბ სტურუა, ჯონ ვუმბერმანი, გიორგი აბრამიშვილი, მურმან ქორიძე, მანანა ახვლედიანი, კლერ უგენბერგერი.

ქართული ღვინის მე-3 ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ კომპანიები:

1. საუკეთესო ცქრიალა ღვინო - კომპანია ,,ბადაგონი“ 

2. საუკეთესო თეთრი მშრალი - კომპანია ,,კახური ღვინის მარანი“ 

3. საუკეთესო წინანდალი - კომპანია ,,ვაინმენი“ 

4. საუკეთესო ქვევრის თეთრი ღვინო - კომპანია ,,ვიტა ვინეა“ 

5. საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი - კომპანია ,,ვინი ვერია“ 

6. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო - კომპანია ,,თბილღვინო“ 

7. საუკეთესო საფერავი - კომპანია ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 

8. პრემიალური საფერავი - კომპანია ,,კახეთი კომპანი“ 

9. საუკეთესო მუკუზანი - კორპორაცია ქინძმარაული 

10. საუკეთესო წითელი ნახევრადტკბილი - კომპანია ,,GWS ვისმინო“ 

11. საუკეთესო უსახელაური - კომპანია ,,უსახელაურის ვენახები“

12. საუკეთესო ქინძმარაული - კომპანია ,,თელიანი ველი“

13. საუკეთესი ქვევრის წითელი მშრალი ღვინო - კომპანია ,,კორტავების მარანი” 

14. საუკეთესო ხვანჭკარა - კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი“ 

15. საუკეთესო ჭაჭა - კომპანია ,,რირავო“ 

ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ხეცურიანმა და ცნობილმა მეღვინემ და სპირტიანი სასმელების სპეციალისტმა, ბონდო კალანდაძემ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ქართული ღვინის ორდენით“ სამი პიროვნება დააჯილდოვეს. წელს „ქართული ღვინის ორდენი“ გადაეცათ: 

• დავით ლორთქიფანიძეს (საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი) - საქართველოს, ვაზისა და ღვინის სამშობლოდ აღიარების მეცნიერულ დასაბუთებაში და არქეოლოგიური აღმოჩენებით დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

• გიორგი ბარისაშვილს (მეღვინე, მწერალი) - ქართული ტრადიციული მეღვინეობის ისტორიის კვლევის სწავლებისა და პოპულარიზაციისთვის;

• გიორგი ნათენაძე (ვაზის მესხური ჯიშების მკვლევარი, კომპანია ვარძიის ტერასების დირექტორი) - ვაზის მესხური ტერასის აღდგენის ინიცირებისა და მის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, სერტიფიკატები გადაეცათ თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულებს, მათ შორის წარმატებულები კი - საქართველოს სომელიეთა ასოციაციაში სომელიეებისა და ასისტენტ-სომელიეების სტატუსით გაწევრიანდნენ. 

დაჯილდოვების ღონისძიებაზე განსაკუთრებული ამაღლებული და საზეიმო განწყობა სპეციალურმა სტუმრებმა - ნანი ბრეგვაძემ და ეკა მამალაძემ შექმნეს.