ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა 
Header Image Promo

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა

თარიღი: 2016-09-24

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკაში ქართულ მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული მონოგრაფიული წიგნების გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის მწერალი გიორგი ბარისაშვილი უძღვებოდა. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უკანასკნელი პერიოდის,  სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნები, მათ შორის, გიორგი ბარისაშვილის - „მევენახეობა-მეღვინეობის სალექსიკონო მასალები“, „ქართული მარანი“, ბონდო კალანდაძის - „საქართველო - ღვინის აკვანი“, „სამტრესტი და სამტრესტელები“, „მსოფლიოს მაგარი ალკოჰოლური სასმელები“, მალხაზ ხარბედიას - „ღვინის გზამკვლევი“, თეიმურაზ ღლონტისა და ზურაბ ღლონტის მონოგრაფია - "კახური მცვივანი", ლევან ფრუიძის - "საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია", თამაზ კობაიძის - "ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი" და სხვა. 

პრეზენტაციას მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს ღვაწლმოსილი მწერლები, წიგნების ავტორები და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები, ესაუბრათ მევენახეობა-მეღვინეობის თემებზე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით  „ქართული ღვინის კვირეულს“ მართავს, რომელიც მრავალ განსხვავებულ ღონისძიებას მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში - ღვინის დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კინო-ჩვენება, ღვინის ფესტივალები და კონკურსები.

  ქართული ღვინის დღე უკვე მესამე წელია აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია “ქართული ღვინო”, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია. გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს “ქართული ღვინის კვირეული” გაიმართება.

ვიდეო გალერეა