კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა 
Header Image Promo

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

თარიღი: 2016-09-17

 კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. 17 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში უკვე გადამუშავდა  32,2 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. აქედან 14 ათასი ტონა რქაწითელი, 15 ათასი ტონა საფერავი,  1,4 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

„ყურძნის კრეფა აქტიურად მიმდინარეობს გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. განვლილ დღე-ღამეში მიმდინარე რთველის სეზონზე ყურძნის გადამუშავების ყველაზე მაღალი დღეღამური მაჩვენებლი - 4 540 ტონა დაფიქსირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.  ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 27,3  მლნ-მდე ლარი მიიღეს“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

 გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 10,9  ათასი ტონა, ყვარელი - 8  ათასი ტონა, სიღნაღი - 5,7 ათასი ტონა, თელავი - 5,5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,3 ათასი ტონა, საგარეჯო -  350 ტონა, ლაგოდეხი -  320 ტონა და ახმეტა -  170 ტონა.  

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 138 ღვინის კომპანია.  ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 53 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიებია, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: 

კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი; 

 საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი; 

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic