ჩინეთის ქალაქ იუში ორი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა 
Header Image Promo

ჩინეთის ქალაქ იუში ორი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

თარიღი: 2016-07-18

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭეძიანგის (Zhejiang)  პროვინციის ქალაქ იუში (Yiwu) 2 „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა, რომლებიც ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას შესთავაზებს. აქ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება არა მარტო ღვინოს, არამედ ქართულ კულტურასა და ისტორიასაც გაეცნოს.

ქართული ღვინის სახლების გახსნას იუში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

ქართული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით "ქართული ღვინის სახლი" ჩინეთის სუოლუნ კომპანიისა და ქართული მხრიდან „თბილინვესტ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და რომლის ფარგლებშიც ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩინეთის ჭეძიაგისა და სინძიანის პროვინციებში უკვე რვა ქართული ღვინის მაღაზია-სალონი "ქართული ღვინის სახლი"  გაიხსნა. 

„სუოლუნ კომპანის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ „ქართული ღვინის სახლი“ ჩინეთში საკმაოდ პოპულარული გახდა და მისი რაოდენობის ზრდა ჩინეთში ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. 

ბრენდი - „ქართული ღვინის სახლი“ ჩინური კომპანია „სუოლუნის“ მიერ პირველად გასულ წელს ჭეძიანის (Zhejiang) პროვინციაში შეიქმნა და ადგილობრივ პარტიორებთან ერთად კომპანია მთელი ჩინეთის მასშტაბით, წლის ბოლომდე 80-მდე ფილიალის გახსნას გეგმავს.

ჩინეთის მასშტაბით დღეისათვის სხვადასხვა იმპორტიორი კომპანიიების მიერ ბოლო ორ წელიწადში გახსნილია რამდენიმე ათეული  ქართული ღვინის ობიექტი  - მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა.

2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.