ქართული ღვინის წარდგენა ჰონგ-კონგში 
Header Image Promo

ქართული ღვინის წარდგენა ჰონგ-კონგში

თარიღი: 2016-05-27

ჰონგ-კონგში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა „VinExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის გახსნის დღეს, ქართულ ღვინის მწარმოებელ კომპანიას - „მეღვინეობა ხარება“  ბორდოში ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში - Les Citadelles Du Vin 2016 გამარჯვებისთვის გადაეცა შემდეგი ჯილდოები: "ქინძმარაული 2014" (ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო) ოქროს მედალთან ერთად, შეჯიბრების სპეციალური პრიზით - ოქროს თასით (THE GOLD TROPHY) დაჯილდოვდა. ასევე ოქროს მედალი ღვინომ "მწვანე 2015" (მშრალი თეთრი ღვინო)  მიიღო.

გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „შალვინო“, „GWS”, “თბილღვინო“, „ბესინი“, „შატო მუხრანი“, „წერეთლის ღვინის კომპანია“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „G Vino”, “KTW”, „კახური ღვინის მარანი“ და ”მეღვინეობა ხარება“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

გამოფენა „VinExpo“ ღვინის ინდუსტრიაში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მსოფლიო კლასის გამოფენაა, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ბლოგერები, მწერლები, ჟურნალისტები და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მოიძიონ ახალი იმპორტიორები და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.