ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში 
Header Image Promo

ქართული ღვინისა და სამზარეულოს წარდგენა ლონდონში

თარიღი: 2016-04-18

17-18 აპრილს,  დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში, ლონდონში ნატურალური ღვინის საერთაშორისო გამოფენა „Real Wine Fair”  ტარდება.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში  7 ქართული ნატურალური ღვინის მწარმოებელი კომპანია -   „ხოხბის ცრემლები“, „ოქროს ღვინო“,  „ნიკოლაძეების მარანი“,  „მანდილი“, „იაგოს ღვინო“, „ატენურიდაიბერიელი მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში ორი ღონისძიება - ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი და “The Georgian Supra” გაიმართა.

ქართული ღვინის დეგუსტაციას 200-მდე დაინტერესებული პირი - იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და ღვინის ბარების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. რაც შეეხება ქართული სუფრის საღამოს „The Georgian Supra”, მის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ ქართულ ღვინოსთან ერთად, გაცნობოდნენ ქართულ გასტრონომიას და ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს.

საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის, ასევე დამატებითი საექსპორტო ბაზრების მოძიების კუთხით არის მნიშვნელოვანი. წელს, ლონდონის გამოფენაში სულ 150-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. გამოფენას ათასობით დამთვალიერებელი - ღვინის მომხმარებლები, ღვინით ვაჭრობის ბიზნესში დასაქმებულები და მედიის წარმომადგენლები ჰყავს. გასული წლების მსგავსად,  ქართული ღვინის მიმართ ინტერესი  წელსაც  დიდია,  - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ.

გამოფენა „Real Wine Fair”  ყოველწლიურად იმართება და ბუნებრივი მეღვინეობის სფეროში  წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად არის მიჩნეული. ღონისძიებას  მსოფლიოში ცნობილი ნატურალისტი მეღვინეები, ღვინის იმპორტიორები, ბაიერები, მედიის წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებიან. აღნიშნულ გამოფენაში ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეხუთედ მონაწილეობენ.

ქართული ღვინის წარდგენას დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ლონდონი მთელს მსოფლიოში  ალკოჰოლური ტრენდების დამამკვიდრებლად ითვლება.